თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ექვსი თვის განმავლობაში აპირებს სამოქმედო გეგმის შემუშავებას ბავშვების ორგანიზმში ტოქსიკური ელემენტის – ტყვიის გასაკონტროლებლად. დოკუმენტი გულისხმობს ყველა სამინისტროს კოორდინირებულ მუშაობას. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა ისაუბრა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო რეკომენდაცია, ნახევარი წლის განმავლობაში შექმნას საპილოტო პროგრამა, რომელიც გამოიკვლევს, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ტყვიის მატება ბავშვების ორგანიზმში.
წილოსანის სიტყვებით, ზოგიერთ რაიონში, განსაკუთრებით, რეგიონებში კვლევის შედეგად შეინიშნება ბავშვების სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა, რომელიც ორგანიზმში ხვდება წყლიდან, ნიადაგიდან, ჰაერიდან და ა.შ.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კომიტეტმა დეტალურად უნდა გამოიკვლიოს, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის პოტენციური წყარო“, – განუცხადა ჟურნალისტებს წილოსანმა.
გაეროს ბავშვთა ფონდის მკვლევარებმა საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს. ორგანიზაციის კვლევის მონაცემების თანახმად, საშიში მეტალი გამოვლინდა ბავშვების 41%-ის სისხლში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ აჭარაში.
ტყვიის აღმოჩენა, თუ ის ადამიანის ორგანიზმშია, შეიძლება სისხლსა და შარდში. გარდა ამისა, ის გროვდება ადამიანის ძვლებში, თმებსა და კბილებში.
ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ტყვიის მინიმალური კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში დადგენილი არ არის. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, თუ ქვეყნის მცხოვრებთა ორგანიზმში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5-დან 10 მკგ-ს დეცილიტრზე, საჭიროა სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიის ჩატარება.