თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე 6, 7 და 8 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამხედრო სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2020“ (Noble Partner) მონაწილეობის მიზნით საქართველოში შემოყვანილი ამერიკული სამხედრო ტექნიკის ფოთიდან ვაზიანის მიმართულებით გადაადგილებას უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, რის გამოც ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღის განმავლობაში პერიოდულად შეიზღუდება.
კერძოდ, სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც სენაკი-თბილისის (ვაზიანი) მიმართულებით მოძრაობა 6 და 8 სექტემბერს 04:00 საათიდან 12 საათის განმავლობაში განხორციელდება დაბალი სიჩქარით, ხოლო 7 სექტემბერს - 04:00 საათიდან დაახლოებით 5 საათის განმავლობაში.
კანონის შესაბამისად, კოლონაში სხვა ავტოტრანსპორტის შესვლა აკრძალულია.
რიგით მეხუთე მრავალეროვნული სასარდლო–საშტაბო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner) საქართველოში 7 სექტემბერს იწყება. მანევრების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ფოთის პორტში შემოვიდა ამერიკული სამხედრო ტექნიკა - ჯავშანმანქანები Striker и Hummer, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მანქანები და არტილერია. გადმოტვირთვის შემდეგ ტექნიკა სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გადაიყვანეს.
თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის შეზღუდვის გამო ბოდიშს უხდის.
წვრთნების მიზანია - შავი ზღვის რეგიონში საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თავსებადობის სრულყოფა. მისი სცენარი ითვალისწინებს სასარდლო–საშტაბო და საველე სწავლებას საბრძოლო სროლით, მანევრების და საბრძოლო მხარდაჭერის ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.
სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 2,7 ათასზე მეტი სამხედრო საქართველოდან და ნატოს ოთხი წევრი ქვეყნიდან: აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და პოლონეთიდან, რომლებიც საქართველოში სწავლების ოფიციალურ გახსნამდე ეტაპობრივად ჩამოვლენ.
ბოლოჯერ ნატოსთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები Noble Partner გაიმართა 2019 წლის 27 ივლისს-9 აგვისტოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვი არ ეთანხმება თბილისის პოზიციას იმის შესახებ, რომ ეს წვრთნები მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას.