თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 7-18 სექტემბერს საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“ (Noble Partner 2020) მასპინძლობს. საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკა სწავლებაში მონაწილეობის მიზნითაა შემოყვანილი.
„სწავლებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში საზღვაო გზით უკვე შემოყვანილია ამერიკული სამხედრო ტექნიკა - საბრძოლო ჯავშანმანქანები Striker, ჯავშანმანქანები Hammer და ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანები და არტილერია, რომლის გადასროლაც ვაზიანში - სწავლების თეატრში 6 და 8 სექტემბერს იგეგმება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული ცხრა სამხედრო კონვოი 6 და 8 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვებით განხორციელდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის შეფერხებისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.
უწყების ცნობით, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობა კი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო გზით ეტაპობრივად ჩამოდის.
სწავლება ოფიციალურად ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე 7 სექტემბერს გაიხსნება. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.