თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები თანამშრომლობისა და დიალოგის მოწოდებით გამოდიან, განსაკუთრებით კონფლიქტურ ხაზს მიღმა გლობალური პანდემიის დროს, ნათქვამია ეუთოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.
ჟენევაში საერთაშორისო დისკუსია საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი მოქმედი ფორმატია. როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლებების, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები.
„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები რჩება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფორმატად, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემებს გადასაჭრელად, განსაკუთრებით კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის. მივესალმებით პანდემიის დროს დისკუსიების მონაწილეთა მიერ ჩვენთან გამართულ რეგულარულ კონსულტაციებს, ასევე ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რეგულარული შეხვედრების აღდგენას. ასევე მივესალმებით გალში ამავე მექანიზმის შეხვედრების განახლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, დოკუმენტში შეშფოთებაა გამოთქმული გამშვები პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით.
„მიუხედავად იმისა, რომ პანდემია მოითხოვს სიფრთხილეს, ზოგიერთი გადასასვლელი პუნქტი, ისეთი, როგორიც არის ოზისში, ერთ წელიწადზე მეტია, დახურულია. ეს იყო „კოვიდ-19“-მდე. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ართულებს მკურნალობას, ტრანსპორტირებასა და კომუნიკაციას ისევე, როგორც საარსებო საშუალებებთან წვდომას“, – აღნიშნულია თანათავმჯდომარეების განცხადებაში.
დიპლომატები იმედოვნებენ, რომ 2020 წლის 6–7 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ დღის წესრიგის საკვანძო საკითხებში პროგრესი იქნება.