პირველად 11 თვის შემდეგ: რა განიხილეს ერგნეთის შეხვედრაზე

© photo: European Union External Actionშეხვედრა ერგნეთში
შეხვედრა ერგნეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერგნეთში IPRM-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების მსვლელობისას შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა დიალოგი მაინც გაიმართა.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. 11-თვიანი შესვენების შემდეგ პირველად სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში ოფიციალური თბილისისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრები IPRM-ის ფარგლებში პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატია, რომლებიც ევროკავშირისა და ეუთოს შუამდგომლობით ტარდება.

ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებას სთხოვენ>>

განხილვის მთავარი თემა საქართველოს მოქალაქეების დაკავებები გახდა. ოფიციალურმა თბილისმა განსაკუთრებით მწვავე რეაგირება მოახდინა ზაზა გახელაძის დაკავებაზე, რომელიც დაკავების დროს დაჭრეს.

„პირველივე დღიდან ჩვენ მოვითხოვეთ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის უპირობო გათავისუფლება. აღნიშნული ითქვა ამ შეხვედრაზეც. ასევე ვისაუბრეთ პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის უპირობოდ გათავისუფლებისა და საკუთარ ოჯახებში რაც შეიძლება მალე დაბრუნების აუცილებლობაზე“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან.

ერგნეთის შეხვედრაზე მეორე საკითხი სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს შეეხო.

„ჩორჩანას ირგვლივ განვითარებული დესტრუქციული პროცესები იყო განხილვის საგანი და დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი“, – განაცხადა ანთაძემ.

ცხინვალის რეგიონი - Sputnik საქართველო
ინციდენტი „საზღვარზე“ და პოლიციის საგუშაგო – რითი დასრულდა ერგნეთის შეხვედრა

საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველომ კი ამის საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა.

IPRM-ის თანათავმჯდომარეები მიესალმნენ შეხვედრის ფაქტს და აღნიშნეს, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია დაძაბულობის მოსახსნელად და ინციდენტების აღკვეთისთვის სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე.

„შეხვედრამ პოზიტიურ და კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა... მონაწილეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ვითარების ნორმალიზაციისა და სტაბილიზაციის კუთხით“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, პოლონელმა დიპლომატმა მარეკ შჩიგელმა.

გახარია: საქართველომ დაკარგული ტერიტორიები მშვიდობით უნდა დაიბრუნოს>>

მისი თქმით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში რუდოლფ მიხალკა.

შჩიგელის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს როგორც ინციდენტები ე.წ. საზღვარზე, ისე მოსახლეობის პრობლემები.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრის მონაწილეებმა დიალოგის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს. შემდეგი, რიგით 97-ე შეხვედრა 24 სექტემბერს არის დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0