პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკანონმდებლო ინიციატივის ძირითადი მიზანია - არჩევნებზე ამომრჩევლების დაცვა ზეწოლისა და იძულებისგან.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პარლამენტმა ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი და სისხლის სამართლის კოდექსში თანმდევი ცვლილებები დაჩქარებული წესით 81 ხმით დაამტკიცა.

წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. კენჭისყრა ნახევრადცარიელ დარბაზში გაიმართა. კანონპროექტის დამტკიცების პროცესს არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.

ცვლილებების თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კერძოდ, მიღებული ცვლილებების მიხედვით, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები რატი იონათამიშვილი და გურამ მაჭარაშვილი იყვნენ.

„მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა, რომ გარდა იმისა, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს, ეს პროცესი მთლიანად სამართლებრივად დაცული იყოს და პრევენცია უზრუნველყოფილი. ვინც ჩვენს წინადადებას მხარს არ უჭერს, ავტომატურად ხდება პროვოკაციის, ესკალაციის და დაძაბულობის მხარეს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ალტერნატიული კანონპროექტები მოამზადეს ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა“ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, თუმცა ვერცერთი პროექტი ვერ გავიდა, რის გამოც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. მეტიც, მათ უმრავლესობის ინიციატივას საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა უწოდეს.

ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
ცესკომ საარჩევნო ღონისძიებების განრიგი დაამტკიცა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის კრიტიკულ შეფასებებს სპეკულაცია უწოდა და განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები არჩევნებს უფრო სამართლიანსა და დემოკრატიულს გახდის.

„ადამიანები დაინახავენ, რომ გამკაცრებულია რეგულაცია, მათ შორის სანქციის ნაწილში. ამას, ბუნებრივია, ექნება სერიოზული პრევენციული ეფექტი. აქ რაზე ვსაუბრობთ, არც ვიცი. დანარჩენი არის სპეკულაციები ოპიზიციის მხრიდან. როდესაც მკაცრდება დისპოზიცია და მკაცრდება სანქცია, ამას აქვს პრევენციული ეფექტი. ამ კანონს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების ეფექტი",- განაცხადა კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ დაშინება და არჩევნებში მონაწილეობის იძულება, ისევე, როგორც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, განსაკუთრებით რეგიონებში, საქართველოში არჩევნების მიმართ ოპოზიციისა და დამკვირვებლების ყველაზე ხშირი პრეტენზიაა.

რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” გამოვიდა ინიციატივით – მკაცრი სანქციები განისაზღვროს ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ გორისა და კასპის დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

იმისათვის, რომ ინიციატივა საკანონმდებლო ნორმად იქცეს, ის პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღების შემდეგ პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანიამ ქვეყანაში სტარტი 1 სექტემბერს აიღო – არჩევნებამდე 60 დღით ადრე. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით.

ყველა ახალი ამბავი
0