თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს კორონავირუსი განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.
შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი 12-დღიანი თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ აქტიურ საპარლამენტო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება. განმეორებითი ტესტირების შედეგად ინფექცია არ დაუდასტურდა თალაკვაძის ოჯახის წევრებსაც.
პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მისი პირადი დაცვის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 38 შემთხვევა ერთ დღე-ღამეში. მსგავსი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 17 აპრილს გამოვლინდა – 34 შემთხვევა.
ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 1568-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 1279, გარდაიცვალა 19 ადამიანი.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.