თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ახალი წესები ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთაც შენგენის ზონაში გამგზავრება სურთ, აღნიშნულია პარლამენტის ვებგვერდზე.
კანონპროექტს მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეს არ ექნება ქვეყნიდან გასვლის უფლება, თუ ის იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ან წარადგენს ყალბ ან ძალადაკარგულ დოკუმენტებს.
გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას ქვეყნიდან გასვლაზე, თუ მას არ გააჩნია ბიომეტრიული პასპორტი, გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომლის მოქმედების ვადა მოქალაქის სამშობლოში დაბრუნების დღისთვის შეადგენს არანაკლებ სამ თვეს.
საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან ვერ გავა ასევე იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს უკან დასაბრუნებელი ბილეთი ან ბილეთის დაჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან დაჯავშნილი სასტუმრო, ან კიდევ შენგენის ზონაში მცხოვრები მასპინძლის თანხმობა მის განთავსებაზე და ზუსტი საცხოვრებელი მისამართი.
გამგზავრებაზე უარის მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე შენგენის ზონაში მოქმედი დაზღვევის და საკმარისი ფულადი სახსრების არქონა.
შესწორებების პაკეტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხო სახელმწიფოში თავშესაფრის მისაღებად ფულის სანაცვლოდ ყალბი ცნობების ან დოკუმენტების გაცემისთვის.
ასეთ ქმედება დაისჯება ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით, დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას კი - სამიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებსა და წესებს, ისევე როგორც ქვეყნიდან გასვლაზე უარის გასაჩივრების პირობებსა და წესებს შს მინისტრი 2021 წლის 1 იანვრამდე დაადგენს.
ასეთი მკაცრი ზომების მიღების მიზეზი გახდა საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი რაოდენობა. აღნიშნულის გამო შეშფოთება გამოთქვეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.
საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ ხანმოკლე დროით შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული თუ საქმიანი ვიზიტით გამგზავრების უფლება 2017 წლის მარტიდან მოიპოვეს.