თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. თბილისის მერიამ „საარჩევნო პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია“ შეიმუშავა, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა დაწესებულებას და საჯარო მოხელეს გადაეგზავნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან მოადგილეებს, მუნიციპალური სამსახურებისა და საკრებულოს ხელმძღვანელებს დაავალა დოკუმენტის გაცნობა ყველა თანამშრომლისთვის.
„გამოვცემთ წესებს იმისთვის, რომ არ დავარღვიოთ კანონმდებლობით დადგენილი ინსტრუქცია... შეიძლება, ბევრმა არც კი იცოდეს, რისი უფლება გვაქვს და რისი არა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ქვედა დონეზე ჩაიშალოს და ჩვენმა თითოეულმა თანამშრომელმა იცოდეს, რისი უფლება აქვს და რისი არა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის სხდომაზე მერმა დოკუმენტის რამდენიმე მუხლი განმარტა.
კერძოდ, მერიის საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღება. სამუშაო საათებში საჯარო მოსამსახურეებს არ აქვთ უფლება, სხვადასხვა პარტიის ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა ან გასწიონ აგიტაცია. არასამუშაო საათებში მათ სრული უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ როგორც პარტიების ღონისძიებებში, ისე აგიტაციაში; გარდა ამისა, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე მერიის საჯარო მოსამსახურის მიერ აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება-გაკვრა სხვადასხვა შენობა-ნაგებობაზე.
საქართველოს საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულებას პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი. ამჯერად არჩევნები შერეული სისტემით - 120/30 - გაიმართება.
წინასაარჩევნო კამპანია 1 სექტემბრიდან დაიწყო.