თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა I-IV კლასების მოსწავლეების სკოლაში სიარული და ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში, განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა ის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებისთვის შეიმუშავა. რეკომენდაციების მიხედვით, განათლების სამინისტრომ I-IV კლასების მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ჩატარება სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.
„სკოლის ადმინისტრაციას ეძლევა შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს სკოლაში სასწავლო დღის დაწყების დრო. შეიძლება გაკვეთილები დაიწყოს დილის 09:00 საათზე და ყოველი 15 წუთის შემდეგ განისაზღვროს კლასებისა და საფეხურების მიხედვით მოსწავლეების მიღება. ყველა სკოლას აქვს ინდივიდუალური საჭიროება, აქვს განსხვავებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და მოსწავლეების რაოდენობა", - აღნიშნა დგებუაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, მას შესაძლებლობა ექნება თავად შეიმუშაოს სასწავლო პროცესის, გაკვეთილების ხანგრძლივობის, მოქნილობის გრაფიკი, ასევე თავად განსაზღვროს სწავლის დაწყების დრო და კლასების ცვლებში მუშაობა.
რაც შეეხება დანარჩენ კლასებს, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი დანერგოს.
ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII–XI კლასებში – მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე.
საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი დაიწყება სკოლებში, ორი კვირის შემდეგ კი, 1 ოქტომბრიდან – საბავშვო ბაღებში. სასწავლო პროცესი სპეციალური რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება.
მას შემდეგ, რაც 26 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ხელისუფლებამ სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
საგანმანათლებლო დაწესებულებები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. მოსწავლეები ონლაინ სწავლობდნენ, მათთვის შეიქმნა პროექტი „ტელესკოლა".