თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე მის მკვლელობაში ბრალდებულთა დნმ-პროფილები არ აღმოჩნდა, თუმცა ეს არაფერს ცვლის და პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, განუცხადა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მასმედიაში ახალი ჩვენებები გამოჩნდა: პროკურორის რეაქცია >>
ყაზარაშვილის თქმით, გამოიკითხება ექსპერტი, რომელიც განუმარტავს გამოძიებას, რა შემთხვევაში რჩება დნმ-პროფილი ჩანთაზე და რა შემთხვევაში იშლება.
„გამოძიების დაწყებისთანავე მალევე დაინიშნა ბიოლოგიური, გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც მოვიდა დაახლოებით ორი კვირის წინ, ეს არის შუალედური დასკვნა. საგამოძიებო ორგანომ მიმართა ექსპერტიზის ბიუროს და მოითხოვა ექსპერტიზის შუალედური დასკვნების ეტაპობრივად გადმოგზავნა, შესაბამისად, ეს არის ექსპერტიზის ნაწილი“, – განაცხადა პროკურორმა.
მისი თქმით, შაქარაშვილის ჩანთიდან აღებული ბიოლოგიური მასალა შეადარეს მკვლელობაში ბრალდებულთა დნმ-ს, ასევე მასზე თავდასხმაში ბრალდებულების დნმ-ს.
„მათი დნმ პროფილები არ ამოვიდა ჩანთაზე. ჩანთაზე ამოვიდა უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის დნმ პროფილი და იმ პირის დნმ, რომელსაც ეკუთვნოდა ეს ჩანთა“, – განაცხადა პროკურორმა.
პროკურორის თქმით, ბრალდების პოზიცია უცვლელი რჩება, კერძოდ, შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები დამნაშავეები არიან.
19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეს სასამართლო სამ ნაწილად იხილავს: მკვლელობამდე ჩხუბის ეპიზოდები არასრულწლოვნების მონაწილეობით, ჩხუბის ეპიზოდები სრულწლოვნების მონაწილეობით და უშუალოდ მკვლელობის ფაქტი. აღნიშნულ საქმეზე 17 პირია დაკავებული.
17 პირიდან ხუთ პირს ბრალი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ედება, მათგან ორი არასრულწლოვანია. გამოძიების მტკიცებით, მათ თავიდან სცემეს შაქარაშვილი, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, სადაც ის დაიხრჩო. ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს.