თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს მამუკა მდინარაძეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, პასუხი უარყოფითია.
როგორც ჟურნალისტებთან მდინარაძემ განაცხადა, ვინაიდან „ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, პროტოკოლის თანახმად, მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფი პირები კარანტინსა და თვითიზოლაციაში არიან გადასული.
მდინარაძის განმარტებით, ინფიცირებულია დამლაგებელი და პარლამენტის სპიკერის არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის წევრი.
„დანარჩენები, რომლებიც იზოლაციაში არ მოვხვდით, ასე ვთქვათ, შეზღუდულ რეჟიმში გადავაადგილდებით, რადგან არ შეიძლება შტაბის მუშაობა შეჩერდეს. თუმცა მათ, ვისაც უშუალო კონტაქტი არ ჰქონდა ინფიცირებულებთან, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ. მაგრამ მათი რაოდენობაც დროებით შევზღუდეთ. ასევე ყველა ჩვენგანმა ტესტი ჩავიტარეთ, ინფექცია არ დაგვიდასტურდა", – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მან ჟურნალისტებს სთხოვა, არ დაუსვან კითხვა, თუ როგორ შეაღწია ვირუსმა პარტიის ოფისში და ვინაა ინფიცირების წყარო. მდინარაძემ ამ კითხვებით მედია ეპიდემიოლოგებთან გადაამისამართა.