თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
გუშინ, 30 აგვისტოს კორონავირუსი დაუდგინდა მმართველი პარტიის ოფისის საწყობის თანამშრომელ ქალს. ვირუსი ასევე დაუდგინდა მასთან კონტაქტში მყოფ ხუთ პირს, მათგან ორი „ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის თანამშრომელია.
ამ ეტაპზე PCR-ტესტირება უტარდება როგორც ტექნიკურ პერსონალს, ისე პარტიის ლიდერებს. ამ დროისათვის ყველა შედეგი უარყოფითია.
თვითიზოლაციაში იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რადგან კორონავირუსი დაუდასტურდა მისი პირადი დაცვის ერთ-ერთ წევრს.
ასევე კორონავირუსი დაუდგინდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელს.
სუს-ში ინფიცირებულთა ჯაჭვს დღეს კიდევ ერთი პირი დაემატა.