თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. დღისით ერთ საათზე მეტი ხნით ძილი სასიკვდილოდ სახიფათოა ადამიანისთვის, იუწყება პორტალი MedicalXpress ჩინეთის გუანჩჟოუს სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით.
ჩინელი სწავლულების კვლევას საფუძვლად ის შრომები დაედო, რომლებშიც შესწავლილი იყო კავშირი დღისით ძილსა და გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს, ასევე სხვა მიზეზებით სიკვდილს შორის. მეცნიერებმა საერთო ჯამში 313 ათასი ადამიანის მონაცემები გააანალიზეს, რომელთა 39%-ს დღისით ძილი სჩვეოდა.
მონაცემების შესწავლის შედეგად სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ იმ ადამიანებში, რომლებსაც დღისით ერთ საათზე მეტხანს ეძინათ, გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი 34%-ით, ხოლო სხვა მიზეზებით გარდაცვალების რისკი 30%-ით მაღალი იყო.
თუმცა სპეციალისტებმა განმარტეს, რომ დღისით ძილს საფრთხეები მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის ახლავს, რომლებსაც დღე-ღამეში ექვს საათზე მეტხანს სძინავთ.
გვერდზე, ზურგზე თუ მუცელზე? მეცნიერები ძილის პოზების საფრთხეებს ასახელებენ>>
აღსანიშნავია, რომ დღისით ძილის ნეგატიური შედეგები განსაკუთრებით ქალებსა და ასაკოვან ადამიანებს ემუქრებათ.
კვლევის ავტორი ჩჟე პანი ხაზს უსვამს, რომ მათ, ვინც დღისით ერთ საათზე ნაკლებს თვლემს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების რისკი არ ექმნებათ. ამ შემთხვევაში საუბარია მათზე, ვისაც ღამით ძილი დარღვეული აქვს.
„შედეგები აჩვენებს, რომ უფრო ხანმოკლე ძილი (განსაკუთრებით 30–45 წუთზე ნაკლები) აუმჯობესებს იმ ადამიანების გულის ჯანმრთელობას, რომლებსაც ცუდად სძინავთ ღამით“, — ასკვნის ექსპერტი.
მანამდე უჰანის მეცნიერებისა და ტექნიკის უნივერსიტეტის სწავლულებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანებში, რომელთაც დღისით ძილი უყვართ, ან ღამით 9 და მეტი საათი სძინავთ, ინსულტის განვითარების რისკი მაღალია.