თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს 140 დევნილ ოჯახს გადასცემს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისიამ თითოეული იძულებით გადაადგილებული ოჯახის საკითხი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა.
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილებით წყალტუბოში საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე ქვეყნდება.
სააგენტოს ცნობით, წყალტუბოში დევნილებისთვის კიდევ ექვსი კორპუსი შენდება, სადაც ბინას დამატებით 420 ოჯახს გადასცემენ.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.