შატილში ავარიაში დაღუპულთა ოჯახის წევრები ტურისტულ კომპანიას ადანაშაულებენ

გამოწერა
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ განცხადება მას შემდეგ გაკეთდება, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას დაასრულებს.

თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. შატილში, საზარელ ავარიაში დაღუპულთა ოჯახის წევრები მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას ტურისტულ კომპანიას აკისრებენ.

შატილისკენ მიმავალ გზაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში, კვირა საღამოს ავტოკატასტროფაში 17 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან გიდი და ერთი უცხოელი.

დაღუპულთა ოჯახის წევრების ვარაუდით, მგზავრების უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული და გათვალისწინებული.

„ან მანქანა არ იყო გამართული ან მძღოლი იყო დამნაშავე. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ გვყავდა უსაყვარლესი ბავშვი და ის ჩვენ გვერდით აღარ არის. რომ წაიყვან ჯანმრთელს, უნდა ჩამოიყვანო ჯანმრთელი. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? კომპანია უნდა დაისაჯოს“ - განაცხადა ერთ-ერთი დაღუპული მგზავრის ნათესავმა ტელეკომპანია „TV-პირველის“ ეთერში.
შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც შატილში ტური მოაწყვეს, გამოკითხვაზე დაიბარეს

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მიკროავტობუსს ტექდათვალიერება არ ჰქონდა გავლილი - ბოლო შემოწმება მას ივლისში უნდა გაევლო.

ცნობილია მიკროავტობუსის მძღოლის ვინაობა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. იგი 59 წლის იყო. დაღუპულის ოჯახის მეგობრის სიტყვებით, მას მძღოლად მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი ჰქონდა. როგორც მძღოლის ოჯახის ახლობელი ამტკიცებს, მიკროავტობუსი ეკუთვნოდა კომპანიას და არა მძღოლს.

როგორც გაირკვა, დაღუპული მძღოლის ოჯახის წევრები ისრაელში ცხოვრობენ და საქართველოს მთავრობას მიმართავენ თხოვნით, სავალდებულო 12-დღიანი კარანტინის გარეშე საქართველოში ჩამოსვლის ნება დართონ, რათა მათ დაკრძალვაზე დასწრება შეძლონ.

ხევსურეთის ადგილობრივი მცხოვრებნი ყვებიან, რომ დაშავებულთა ამოყვანას ცდილობდნენ, მაგრამ მათი უმეტესობა მიკროავტობუსის ქვეშ მოექცა და ვერაფერი შეძლეს. ავარიაში გადარჩა მხოლოდ სამი ქალი, რომელთა მდგომარეობა კრიტიკულია და ისინი თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 

ხსოვნის სანთლები - Sputnik საქართველო
საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

კომპანიის წარმომადგენლებს ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ. წინასწარი ინფორმაციით, ხევსურეთის ტური ერთდღიანი იყო, სამგზავრო მიკროავტობუსი კი, რომელიც ხევში 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, სავარაუდოდ, ტურისტულმა კომპანია Traveler-მა დაიქირავა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ განცხადებას მას შემდეგ გააკეთებენ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას დაასრულებს.

ტრაგედიის გამო 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით დაეშვება სახელმწიფო დროშა მთელ საქართველოში, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0