თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების წყარო ერთ შემთხვევაში უცნობია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება დანარჩენ რვა ინფიცირებულს, აქედან ოთხი სვანეთის სოფელ ლენჯერს უკავშირდება, სამი „იმპორტირებულია“, მათ შორის ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, და კიდევ ერთი მედიცინის მუშაკია აფხაზეთიდან.
ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 245 ინფიცირებული მკურნალობს.
ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად კრიტიკულია ექვსი პაციენტის მდგომარეობა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებებში განაგრძობენ მკურნალობას. მძიმე მდგომარეობაშია 22 პაციენტი.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა 10 შემთხვევაში. დღეს მას ერთი დაემატა და გახდა 11.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში ამ დროისთვის ინფიცირებულია 1370 ადამიანი. აქედან გამოჯანმრთელდა 1108 ადამიანი, გარდაიცვალა 17 პაციენტი.