საზამთრო (ლათ. Citrullus) გოგრისებრთა ოჯახის მცენარეა.
საზამთროს ისტორია ჩვ.წ.აღ.-მდე მეოცე საუკუნემდე მიდის. პირველად მის შესახებ გვხვდება დოკუმენტებში, რომლებიც სამხრეთ აფრიკის ტომების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ძველ ეგვიპტეში ამ პროდუქტის მოხმარების დამადასტურებელია ტუტანჰამონის სამარხში მშვენივრად შემონახული საზამთროს კურკა.
არსებობს საზამთროს 1200-ზე მეტი ნაირსახეობა. ის მსოფლიოს 96 ქვეყანაში მოჰყავთ, მათ შორის საქართველოშიც. ყველაზე მეტად საზამთრო გავრცელებულია ჩინეთში, ყირგიზეთში, ამერიკაში, უნგრეთში და სხვ.
საზამთროს კალორიულობა და შემადგენლობა
საზამთროს კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე საშუალოდ 30 კკალორიაა.
საზამთროში საკმაოდ ბევრი ვიტამინი და მინერალური ნივთიერებაა, რაც ამ პროდუქტს ადამიანის ჯანმრთელობისთვის შეუცვლელ საკვებად აქცევს. საზამთრო შეიცავს ვიტამინებს: A, B1, B2, B6, B9, C, E, H, PP; ასევე ნივთიერებებს: კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს, ნიკელს, ნატრიუმს; შაქრებს – გლუკოზას, საქაროზას, ფრუქტოზას, პექტინებს, მცირე რაოდენობით ცილებს. 90% მასში წყალია, პრაქტიკულად არ შეიცავს ცხიმებს; მცირე რაოდენობით შეიცავს ტიამინს, ნიკოტინის მჟავას.
საზამთროს სასარგებლო თვისებები
საზამთროში შემავალი საკვები ბოჭკოები ხელს უწყობს მეტაბოლიზმის ნორმალიზებას. ცნობილია საზამთროს, როგორც შესანიშნავი შარდმდენი და ნაღველმდენი პროდუქტის თვისება, რაც ხელს უწყობს თირკმელებისა და ღვიძლის გაწმენდას. საზამთროს წყალობით სეზონზე, თან ისე, რომ ძალიანაც არ დაიძაბოს ადამიანი, შესაძლებელია ორგანიზმის გაწმენდა თირკმელებში მცირე კენჭებისა და ქვიშისგან. შარდმდენი ეფექტის წყალობით ორგანიზმიდან გამოდის მარილები, ასევე შხამიანი ნივთიერებები.
საზამთრო სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს.
მსხალი - მრავალი დაავადების სამკურნალოდ>>
საზამთრო საუკეთესო საკვებია სკლეროზით, პოდაგრით, ჰიპერტონიით, ართრიტით დაავადებული ადამიანებისთვის. მისი მიღება შეუძლიათ დიაბეტით დაავადებულებს.
საზამთროს ხშირად იყენებენ მონო-დიეტებში და, ზოგადად, წონაში დაკლებისთვის.
სასარგებლოა ასევე საზამთროს თესლი. ის შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს, ცხიმებს, ნაცარს, გაჯერებულ ცხიმმჟავებს, ვიტამინებს, მაკრო- და მიკროელემენტებს.
საზამთროს კურკა სასარგებლოა სქესობრივი ფუნქციისთვის, მხედველობისთვის, კანისთვის, თმისთვის, მაღალი არტერიული წნევის დროს, გულის მუშაობისთვის. ამცირებს ინფარქტის რისკს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ნერვული სისტემის მუშაობას.
საზამთროს კურკა მაღალი არტერიული წნევისთვის - რეცეპტი:
გააშრეთ საზამთროს თესლი და ქერქი, შემდეგ დაფქვით. მიიღეთ ნახევარი კოვზი დღეში ორჯერ. ერთი თვის შემდეგ არტერიული წნევა დარეგულირდება.
საზამთროს თესლს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად გამოიყენებენ. მაგალითად, ჩინეთში მას სხვადასხვა სუნელ-საკმაზთან ერთად ხალავენ, აფრიკაში აქუცმაცებენ და სუპებსა და სოუსებში ამატებენ.
ქლიავი, მისი თვისებები და რჩევები – როდის შეიძლება მისი მიღება და როდის – არა>>
როდის შეიძლება გვავნოს საზამთრომ
მიუხედავად იმისა, რომ საზამთრო შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის დასაშვებია, ის უკონტროლოდ, დიდი რაოდენობით მათ არ უნდა მიიღონ. ასევე არ უნდა მიიღონ მათ, ვისაც თირკმლის უკმარისობა აწუხებს; აქვს თირკმლის კენჭოვანი დაავადება, კუჭქვეშა ჯირკვლისა და პროსტატის მძიმე დაავადება.
საზამთროს მიღება არ არის რეკომენდებული მარილიან საკვებთან, მწნილეულთან ერთად, რადგან მარილი ორგანიზმში სითხეს აკავებს, ეს კი შეშუპებას იწვევს.
საზამთრო კარგად ითვისებს ნიტრატებს, ამიტომ მან შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო ალერგიული რეაქცია, არამედ ორგანიზმს მნიშვნელოვანი ზიანიც მიაყენოს. საზამთროთი მოწამვლა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ საზამთრო დაჭრის წინ კარგად უნდა გარეცხოთ, ასევე უნდა იცოდეთ, რომ მავნე ნივთიერებები პროდუქტის კანთან ახლოს გროვდება, ამიტომ შუა ნაწილი ბევრად უსაფრთხოა.
როგორ შევარჩიოთ საზამთრო, იხილეთ თვალსაჩინო ინფოგრაფიკა.