თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. ვარკეთილის მეტროსთან მდებარე დამწვარი ბაზრობის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს იმის გამო, რომ უკვე ორ თვეზე მეტია, ვერ უბრუნდებიან სამუშაო ადგილებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
14 ივნისს, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ვარკეთილის ბაზრის ტერიტორიაზე 130 მეხანძრე-მაშველი აქრობდა, მობილიზებული იყო 25 სახანძრო მანქანა. ცეცხლი 4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ ხანძრის ადგილის მახლობლად ავტოგასამართი სადგური მდებარეობს. ხანძარს რამდენიმე საათი აქრობდნენ, მისი სრულად ლიკვიდაცია დილისთვის მოხერხდა.
ხელისუფლება მოვაჭრეებს დაპირდა, რომ ბაზრის აღდგენამდე სავაჭროდ უსაფრთხო ტერიტორიას გამოუყოფდა, ასევე რამდენიმე თვით გაათავისუფლებდა გადასახადისგან. მაგრამ, ვაჭრების თქმით, მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი სამუშაოს ვერ დაუბრუნდნენ.
„ჩვენ გვინდა ჩვენ ადგილზე დაბრუნება. კვადრატულზე 500 ლარი - ეს დახმარება არაა. პურის ფული არ გვაქვს“, - ამბობს დამწვარი ბაზრის ერთ-ერთი მოვაჭრე.
ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, თბილისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრები, რომლებზეც აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზები იხილება, ყოველკვირეულად იმართება.