თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. საკურორტო დასახლება შეკვეთილში მუშაობა დაასრულა საზაფხულო თეატრალურმა სკოლამ „შეკვეთილი 2020“, რომელმაც თავის მოედანზე შემოიკრიბა მსახიობები გრიბოედოვის თეატრიდან, დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან და ასევე ნორჩი მსახიობის თეატრ–სტუდია „ოქროს ზღურბლის" აღსაზრდელები.
პროექტი ტრადიციულად განახორციელა საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირმა „რუსკი კლუბი" ფონდ „რუსკი მირისა" „როსსოტრუდნიჩესტვოს" ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-საქართველო.
სკოლის მიზანია - რუსული თეატრების ახალგაზრდა მსახიობების დახმარება პროფესიულ ზრდაში, ასევე შემოქმედებითი კავშირების განვითარება და გაფართოება.
გრიბოედოვის თეატრის დირექტორის და „რუსკი კლუბის“ პრეზიდენტ ნიკოლაი სვენტიცკის თქმით, ის ძალიან ბედნიერია, რომ ამ რთულ პერიოდში, როდესაც თეატრები მაყურებლის გარეშე დარჩნენ, როდესაც სრულფასოვანი რეპეტიციების და სცენაზე გამოსვლის შესაძლებლობა დაკარგეს, პროექტი მაინც შედგა და ნამდვილ „თეატრალურ ზეიმად“ იქცა.
„რა, თუ არა დღესასწაული იყო ეს ათი დღე, რა დროსაც დაიდგა ოთხი პოეტური წარმოდგენა, გაიმართა ათობით მეცადინეობა სცენიურ მეტყველებასა და მოძრაობაში, ვოკალსა და ცეკვაში, გაიმართა ლექციები სამსახიობო ოსტატობაში, თანამედროვე თეატრის აქტუალურ საკითხებში, რუსული თეატრის ისტორიაში“, - წერს სვენტიცკი.
როგორც გრიბოედოვის თეატრის ხელმძღვანელი ამბობს, მეცადინეობებისა და რეპეტიციების პროგრამა იყო დაძაბული და ძალიან დატვირთული, ხოლო პროექტის მონაწილეების მონდომება - უსაზღვრო.
„მე ვხედავდი, რა მონდომებით და შთაგონებით შრომობენ არტისტები, როგორ ბრწყინვალედ გამოდიან და ჩემი გული ივსებოდა სიხარულით და აღტაცებით - რუსული თეატრი საქართველოში ცოცხალია, მას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მისი მსახიობები შეუდარებლები არიან! ჩვენ გავერთიანდით იძულებითი იზოლაციის შემდეგ და ამ დღეებში კვლავ ვიგრძენით თავი ერთ ოჯახად, რომელიც მყარი, მეგობრული და სიყვარულით სავსეა. ეს ძალიან ძვირფასია“, - დასასრულს აღნიშნა სვენტიცკიმ.