თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. „სოლიდარობის“ კვლევაში კორონავირუსით ინფიცირებულები საქართველოში დღეს პირველად ჩაერთვნენ – ქვეყანაში უკვე შემოტანილია „ლოპინავირ-რიტონავირისა“ და „ინტერფერონის“ საკმარისი მარაგი. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „პირველ არხს“ განუცხადა.
პაციენტების მდგომარეობა საქართველოში: ჩაერთვებიან თუ არა ისინი „სოლიდარობის“ კვლევაში>>
საუბარია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ყველაზე პერსპექტიული პრეპარატების კლინიკურ კვლევაზე. კვლევას ეწოდება „სოლიდარობა“. ამას წინათ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველო პროგრამა „სოლიდარობას“ მას შემდეგ შეუერთდებოდა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პრეპარატის კვლევის დასაშვებობის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა.
„ახლახან ჩამოგვივიდა ორი მედიკამენტი – „ლოპინავირ-რიტონავირი“ და „ინტერფერონი“. კიდევ ველოდებით „რემდესივირს“. „რემდესივირი“ ჯერაც არ ჩამოსულა, რადგან, თქვენ იცით, ეს ყველაზე იმედისმომცემ მედიკამენტად ითვლება, თუმცა მთელმა რიგმა კვლევებმა ეს არ დაადასტურა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
ამის მიუხედავად, მისი სიტყვებით, „რემდესივირი“ სწრაფად დაიტაცეს. ჯანმომაც კი ვერ მოიპოვა საკმარისი რაოდენობა, რომ „სოლიდარობის“ კვლევაში მონაწილე ქვეყნებს დაურიგოს.
ცერცვაძემ აღნიშნა, რომ „სოლიდარობის“ კვლევაში ჩაერთვებიან მძიმე და კრიტიკული პაციენტები, ასეთები კი საქართველოში ცოტანი არიან.
„ჯერ სულ ორი თუ სამი პაციენტია ჩართული, თუმცა შეზღუდული მათი რაოდენობა არ იქნება. ჩვენ ჯანმო გვეუბნება, რამდენსაც ჩართავთ, იმდენ მედიკამენტს მოგაწვდითო. ჩაერთვება ყველა, ვინც საჭიროა, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, მსუბუქ პაციენტს არ სჭირდება მკურნალობა და არ ითვალისწინებს „სოლიდარობის“ კვლევა მსუბუქი პაციენტების მონაწილეობას, მხოლოდ მძიმე და კრიტიკული, ასეთი კი ცოტა გვყავს. ასე რომ, იმედი მაქვს, ბევრი არ ჩაერთვება, მაგრამ ვინც გვეყოლება, ყველა ჩაერთვება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
რამდენ ხანში გამოჩნდება კორონავირუსის ვაქცინა?
ამ მომენტისთვის მსოფლიოში კორონავირუსის არც ვაქცინა არსებობს და არც წამალი. მეცნიერები ერთდროულად მედიკამენტების ეფექტურობასაც იკვლევენ და ვაქცინის შექმნასაც ცდილობენ. შესწავლის სტადიაზეა 12 დასახელების წამალი.
სამშაბათს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა მსოფლიოში პირველმა დაარეგისტრირა პრეპარატი COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის, შემუშავებული გამალეის სახელობის ცენტრში რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ პლატფორმა, რომელზეც ვაქცინა იქმნებოდა, აბსოლუტურად უსაფრთხოა და უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტურობა შემუშავებისას და სხვა წამლების დამზადებისას.
სპეციალისტებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ვაქცინის კლინიკური ცდების დროს ყველა მოხალისეს გამოუმუშავდა SARS-CoV-2-ის ანტისხეულების მაღალი ტიტრები და სერიოზული გართულებები არავისთან არ გამოვლენილა.
მსოფლიოში პირველად: კორონავირუსის რუსული ვაქცინა დარეგისტრირდა – პუტინი>>
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ 20-ზე მეტმა სახელმწიფომ უკვე გამოხატა „პრაქტიკული ინტერესი“ რუსეთში შექმნილი ვაქცინის მიმართ. თუმცა ხსენებული მიღწევა დასავლეთში მკაცრად გააკრიტიკეს.