თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. სვანეთში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და სიტუაცია აღარ გაუარესდება, განაცხადა რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა.
რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.
როგორც სუბარმა განაცხადა, მესტიის მუნიციპალიტეტში ძალიან სწრაფად იქნა მიღებული ეფექტური და გადამჭრელი ზომები.
„ბოლო სამი დღის განმავლობაში იყო სამი საქმე, რომელიც ძალიან საყურადღებოა – ორი გუშინ და ერთი გუშინწინ. ეს შემთხვევები ლენჯერს გასცდა და მესტიაში მოხდა მათი იდენტიფიცირება. თუმცა ყველა კონტაქტის დადგენა და ყველა პირის გამოკვლევა მოხდა“,- განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.
მისი თქმით, დაბა მესტიაში არ უნდა დარჩეს არცერთი ადამიანი, რომლის ტესტირება არ მოხდება.
„ვფიქრობ, რომ მალე მოხდება ამ აფეთქების ლოკალიზება. საბოლოოდ, დღევანდელი და ხვალინდელი პასუხები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ამის შემდეგ შეგვეძლება სრული სურათის შექმნა“, - განაცხადა სუბარმა.
სოზარ სუბარმა ასევე ისაუბრა სურსათით მომარაგების თემაზე მესტიაში. მისი თქმით, სურსათის დეფიციტი მუნიციპალიტეტში არ შექმნილა.
„მსგავსი პრობლემა არ არსებობს და თუ არსებობს, თუ რომელიმე პროდუქტზე გაჩნდა მოთხოვნა, ეს არის საათების თემა, რომელშიც ეს მოგვარდება. უშუალოდ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობს, ჩართულია საქმეში. მესტიაში პროდუქტებით მომარაგების პრობლემა არ არსებობს. მაგალითად, დღეს დაიწერა, რომ სოფელ ბეჩოში არის პროდუქტების ნაკლებობა. ზუსტად 15 წუთში ჩამიყარეს იმავე სოფლიდან, ბეჩოდან მაღაზიის სურათები, სადაც მსგავსი პრობლემა არ არსებობს. შეიძლება, რამე ერთ კონკრეტულ პროდუქტზე გაჩნდეს სადმე პრობლემა, მაგრამ ეს დისკომფორტს ნამდვილად არ შექმნის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 6 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს. დღეისათვის სვანეთში კორონავირუსის უკვე 38 შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სვანეთში 4 ათასამდე მცხოვრების ტესტირებას გეგმავს. მესტიის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს სწრაფი PCR-ტესტის აპარატი გადაეცა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები >>
მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 9 511 ადამიანს შეადგენდა. მუნიციპალიტეტში 132 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქის ტიპის ერთი დასახლება – მესტია.
საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 1306 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1085, გარდაიცვალა – 17, კარანტინში იმყოფება 7597 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 261 პაციენტია.