მომღერალ თიკა მახალდიანის დედის ორმოცამდე რამდენიმე დღით ადრე მათ სახლში უჩვეულო მოვლენა მოხდა, რის შესახებაც მომღერლის მეუღლე თემო პირველაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
მისი თქმით, სახლი სასულიერო პირს ერთი წლის წინ აკურთხებინა, დღეს კი სახლში დაბრუნების დროს, კარების გაღებისას შეამჩნია, რომ კარზე მიკრულ სტიკერს ზეთი სდის.
თიკა მახალდიანის დედა 19 აპრილს, საღამოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარმა ტრაგედიამ შეიწირა. სხვა კორპუსიდან გასროლილ ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი 50 წლის თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ის მე-8 სართულზე მდებარე ბინაში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩაამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა.
ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელმაც 19 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე ბრმა ტყვიით მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები ქალი იმსხვერპლა, მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, მას წარდგენილი აქვს მკვლელობის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.