თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ანტიგენის და ანტისხეულების 200 ათასი სწრაფი ტესტი შეიძინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამინისტრომ სწრაფი ტესტები მსოფლიო ბანკის და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის „საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ ფარგლებში შეიძინა.
ანტისხეულების 100 ათასი ტესტის (პასუხი ცნობილია რამდენიმე საათში) მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც ამავე ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და აშშ-საც ამარაგებს. პროდუქტმა არაერთი შემოწმება გაირა და ექსპორტზე გატანის ნებართვა მიიღო, ანტიგენ 100 ათასი ტესტის (შეუძლია წუთებში განსაზღვროს, არის თუ არა ინფიცირებული ადამიანი), მომწოდებელი კი კორეული კომპანიაა, რომლისგანაც სამინისტროს უკვე შესყიდული აქვს ტესტები.
სამინისტროს ინფორმაციით, ტესტები მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. სწრაფი ტესტები შესაბამის კლინიკებსა და დაწესებულებებზე გადანაწილდება.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 1264-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1054 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7279, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 279 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.