თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კახეთის ორიდან ერთ, თელავი–ახმეტა–ყვარელი–ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატი ოფიციალურად წარადგინა. ის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.
ამომრჩეველთან შეხვედრაზე თელავში კანდიდატი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა.
კალაძემ აღნიშნა, რომ კახეთი ყოველთვის იყო და არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. „ლაღი, მშრომელი ადამიანებით დასახლებულ ამ მშვენიერ და სტუმართმოყვარე მხარეს ყოველთვის გადამწყვეტი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“.
მისი თქმით, კახეთი მალე გახდება უფრო ძლიერი და მდიდარი, ხოლო რეგიონის წარმატებისთვის ბრძოლაში ყველა ერთად უნდა ჩაებას.
შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. მთავრობის მეთაური უფრო კონკრეტული იყო და 2012 წლის შემდეგ რეგიონის მიღწევებზე ციფრებით ისაუბრა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს ყველა პროექტი და პროგრამა, რომლებიც კახეთის განვითარებისთვის ხორციელდება, და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატთან ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად.
„ქართული ოცნების“ ლიდერები გამარჯვების მოლოდინში: ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა>>
„ყველას კარგად გვახსოვს, რამხელა კონცენტრირებული ყურადღება იყო მიმართული კახეთისკენ. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ – 2012 წელს კახეთში მოიკრიფა დაახლოებით 52 ათასი ტონა ყურძენი, 2019 წელს კი 278 ათასი ტონა ყურძენი, ხუთჯერ მეტი. ეს არის ჩვენი, ყველას ერთობლივი შრომის შედეგი და, რა თქმა უნდა, ეს უნდა გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თავის ფერმერზე, გვერდში უნდა დაუდგეს თითოეულ მშრომელ ადამიანს, რომელსაც მოჰყავს ყურძენი, რომელიც აკეთებს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახელი გლეხის შრომა იყოს დაფასებული“, – განაცხადა გახარიამ.
გახარიას განცხადებით, ირაკლი ქადაგიშვილმა კარგად იცის რეგიონის პრობლემები და არჩევნებიდან მეორე დღესვე დაიწყებს მუშაობას რეგიონის შემდგომ განვითარებაზე.
თავად დეპუტატობის კანდიდატმა კი განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ქართველ ხალხთან ერთად გაიმარჯვებს.
„ოთხი წლის წინ, როდესაც მქონდა შემოთავაზება – თბილისში გამეგრძელებინა ჩემი პოლიტიკური საქმიანობა თუ წამოვსულიყავი კახეთში, მე უყოყმანოდ ავირჩიე აქ წამოსვლა. იმიტომ რომ ეს ჩემთვის იყო გარკვეული გამოწვევა, ჩემი მშობლიური მხარისთვის მემსახურა, გამეკეთებინა ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მან კახეთის გუბერნატორობის ოთხწლიან პერიოდს საუკეთესო წლები უწოდა.
„გირჩის“ ლიდერი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატობას აპირებს>>
ის ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ განავითარებს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ პოტენციალს, ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციასა და ინვესტიციების მოზიდვას.
კანდიდატმა აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, ცოდნა, შრომა და გამდიდრება.
„მხოლოდ მდიდარ, განათლებულ, თავის თავში დარწმუნებულ, ღირსების მატარებელ ქვეყანას შეუძლია იამაყოს თავისი წარსულით, აწმყოთი, მომავლით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის მთავარი მეტოქეები თელავი–ახმეტა–ყვარელი–ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში იქნებიან ოპოზიციური პარტიების კანდიდატები – „ევროპული საქართველოდან“ ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – გიორგი ბოტკოველი.