თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ბელარუსის მოქალაქეებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოს ტერიტორიაზე მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ ჩვენს ქვეყანაში ბელარუსის საელჩოს წარმომადგენელმა.
საარჩევნო უბანი განთავსებულია საელჩოს შენობაში მისამართზე: კრწანისის ქუჩა №18. ხმის მიცემა დილის რვა საათზე დაიწყო და საღამოს 20:00 საათამდე გასტანს.
„ჩვენი საელჩო საქართველოში 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ასე რომ არჩევნებს აქ პირველად ვატარებთ“, — განმარტეს საელჩოში.
ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველმა კირილ გრიგორიევმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა სიები კიდევ ერთხელ დაზუსტდა, ვინაიდან საქართველოში მყოფმა ბელარუსის მოქალაქეებმა თავად მიმართეს საელჩოს თხოვნით, შეეყვანათ სიაში, რათა ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონოდათ.
საარჩევნო ბიულეტენში პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატია შეყვანილი: ალექსანდრ ლუკაშენკო (მოქმედი პრეზიდენტი), სვეტლანა ტიხანოვსკაია, ანდრეი დმიტრიევი, სერგეი ჩერეჩნი და ანა კანოპაცკაია. გარდა ამისა, ბიულეტენში არის გრაფა „ყველას წინააღმდეგ“.
როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი 5 წლის ვადით ირჩევა. შესაბამისად, მომდევნო არჩევნები უკვე 2025 წელს უნდა გაიმართოს.