ამაში უჩვეულოც არაფერი იქნებოდა, რომ არა ის, რაც გახდა ხატვის დაწყების სტიმული და ერთგვარად მისი განკურნების საუკეთესო საშუალებაც...
თამარ კეცხოველი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. პროფესიით არქეოლოგია. ხატვა 2019 წლის სექტემბერში, ინსულტის გადატანის შემდეგ დაიწყო. დღეში ძალიან ბევრს, დაახლოებით ათ საათს ხატავდა. პირველი პერსონალური გამოფენა პანდემიის დროს ჰქონდა.
- ქალბატონო თამარ, თქვენს ნახატებში წარსულის ნოსტალგიური განწყობაა და ამ გზით გამუდმებით ცდილობთ ბავშვობაში დაბრუნებას, ასეა?
- საერთოდ სადმე დაბრუნება მაშინ გინდა, როცა იქ კარგი იყო და კარგად გრძნობდი თავს. დიახ, შესაძლოა, არის რაღაც ნოსტალგიური მომენტები, თუმცა უფრო მეტად ძველებური ინტერიერი მომწონს და ვხატავ, ვიდრე ჩემი საბჭოთა ბავშვობის დროს იყო. სიძველის მომხიბვლელობას ასაკთან ერთად ვხვდები და მინდა, რომ ეს სხვასაც გავუზიარო...
- როგორი იყო თქვენი პლეხანოვური ბავშვობა, თუ არ ვცდები, პლეხანოვზე არსებული 23-ე სკოლა თბილისის ე.წ. პრესტიჟულ სკოლათა რიცხვშია, თქვენთვის თუ ჰქონდა ამგვარ იარლიყს მნიშვნელობა?
- დიახ, ჩემი 23-ე სკოლა „ელიტური” სკოლების სიაში შედიოდა, მაგრამ იქ ამიტომ არ მოვხვედრილვარ. უბრალოდ უბნით მეკუთვნოდა (მაშინ ასე იყო) და ტრადიციითაც, რადგან თავის დროზე იქ დედა და დეიდა სწავლობდნენ და ჩვენც იქ მიგვიყვანეს. პლეხანოვი და ჩემი უბანი ძალიან მიყვარს, ჩემი სახლი ეგაა... საერთოდ, მაპატიონ ახალუბნელმა თბილისელებმა და, თბილისი ჩემთვის ძველი უბნები და ძველი თბილისია. როდესაც ყველა ხეს ცნობ, ყველა მეეზოვეს, ფეხსაცმლის მწმენდავს და ქუჩის მოვაჭრეს სახელით იცნობ, ისაა შენი სახლი და შენი უბანი.
- 90-იანების სტუდენტობა არც ისე სასიამოვნო გასახსენებელია, მაგრამ მაინც, იმ „ბნელი“ დროის რომელ ნათელ მომენტს გაიხსენებდით?
- თავისი ხიბლი იმ ბნელი 90-იანების სტუდენტობასაც ჰქონდა. მაშინ დაიწყო მიტინგების ეპოქა და ჩამოინგრა სსრკ. ჩვენ, სტუდენტები კი მიტინგებიდან და უნივერსიტეტის ბაღიდან კარვებით პირდაპირ ქალაქგარეთ მივდიოდით. რაც კი ლამაზი ადგილი იყო ქალაქის გარშემო, სწორედ მაშინ შემოვიარე ყველა, უფრო სერიოზულად კი მთაში სიარულით ვიყავი დაკავებული. მაშინ სხვადასხვა ადგილებში იმართებოდა ბევრი ახალი ყაიდის ლექცია, სადაც ვესწრებოდით და თავისუფალ აზროვნებას ვცდილობდით... მოკლედ, ძალიან დატვირთული და საინტერესო სტუდენტობა მქონდა და მას არაფერში გავცვლიდი.
- ინსულტის მერე დაწყებული ხატვა თქვენთვის ერთგვარი შვება და გადარჩენის გზა იყო?
- ინსულტამდე სხვა ცხოვრება იყო, სახლი–სამსახური და სხვა არაფერი. ხატვით ყოველთვის ვხატავდი, უბრალოდ, ამის დრო არასდროს მქონდა. აი, ინსულტის მერე კი, როცა სამსახურიდანაც წამოვედი და სახლში დავჯექი, უცებ და ინტენსიურად დავიწყე მეგობრების პორტრეტების ხატვა. ვეღარ გავჩერდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეში ათი საათი მაინც ვხატავდი. ხატვა არ მბეზრდებოდა და სწორედ ამან გადამარჩინა და პანდემიის დროს მძიმე კარჩაკეტილობაც ამან გადამატანინა.
- პანდემიის დროს პირველი პერსონალური გამოფენის გამართვა მონატრებული სამყაროს გამომზეურება იყო?
- დიახ, ეს გამოფენა მეგობრებთან შეხვედრის და მძიმე სიტუაციიდან გამოსვლის მიზნითაც მოვაწყვეთ. ამაში გალერისტი მეგობარი დამეხმარა. ძალიან კარგი გამოფენა გამოვიდა.
- თქვენს ნახატებში ხშირად ჩნდება ძველი სახლი, რომელიც სიმყუდროვის განცდას აჩენს...
- ამჟამად არ ვარ ქალაქში და აქ, აგარაკზეც დავხატე რაღაცები. სიმყუდროვე თითქოს არ მაკლია სახლში, მაგრამ, ეტყობა, ეს უფრო ბავშვობის და ბებიების, ძველთბილისური სახლების ნოსტალგიაა, სადაც გაიარა ჩვენი თაობის უმრავლესობის სტუდენტობამ. ძალიან მიყვარს ძველი თბილისი და ის, რაც ფანჯრებს მიღმა ხდებოდა ძველ უბნებში, სულ ესაა...
- რაშია დეპრესიიდან გამოსავალი და ხსნა?
- რაშია ხსნა? ცხადია, ერთ-ერთი გზა საამისოდ ხელოვნებაცაა, რომელიც თერაპიაა... ჩემი აზრით, თუ ადამიანს რაიმეს შექმნა ხელეწიფება, უნდა გააკეთოს და არ გაჩერდეს, მერე ყველა მძიმე სიტუაციიდან იპოვის გამოსავალს...