თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართვეელოში პოლიტიკური პარტიების შემოსავალმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის პერიოდში დაახლოებით 12,9 მლნ ლარი შეადგინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე დაყრდნობით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების ფინანსური საქმეებისა და მათი შემოსავლების წყაროების მონიტორინგს ახორციელებს და, ამასთან, აკონტროლებს, რომ პოლიტიკური სუბიექტებისთვის შემოწირულობებმა არ გადააჭარბოს კანონით დადგენილ ჩარჩოებს.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში პირველ ექვს თვეში ერთ მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი ერთბაშად სამმა პარტიამ მიიღო, მათგან ერთი – „ლელო“ სახელმწიფოსგან დაფინანსებას არ იღებს და მხოლოდ შემოწირულობების წყალობით არსებობს.
აღნიშნული პერიოდის მილიონერი პარტიებია „ქართული ოცნება“ დაახლოებით 6 მლნ ლარის შემოსავლით, მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ დაახლოებით 1,5 მლნ ლარით და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაახლოებით ერთი მილიონი ლარით.
შემდეგ მოდიან „პატრიოტთა ალიანსი“ – 948 246 ლარი, „ევროპული საქართველო“ – 749 255 ლარი, სხვა პარტიები – 2 708 914 ლარი.
თუ მოძრაობა „ლელოს“ შემოსავალი მთლიანად ემთხვევა შემოწირულობების ოდენობას, „ქართული ოცნების“ შემოსავლიდან შემოწირულობებმა დაახლოებით 4,7 მლნ ლარი შეადგინა, „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში კი შემოწირულობა 465,9 ათასი ლარია.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში სულ 263 პარტიაა, თუმცა მათგან ფინანსურ აქტივობას იჩენს 80, აქედან 13 პარტია 2020 წელს არის დარეგისტრირებული.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოს რეგისტრაციისთვის 68 პარტიამ მიმართა.