თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. მეხანძრე-მაშველების მიერ რაჭაში, სტიქიის ზონაში, სამაშველო საბაგირო მაგისტრალებით პროდუქტების, მედიკამენტების, საწვავისა და მოქალაქეების ტრანსპორტირება 243-ჯერ განხორციელდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
უწყების ცნობით, მათ შორის 149-ჯერ მოხდა სხვადასხვა ტიპის ტვირთის, ხოლო 94-ჯერ –მოქალაქეების ტრანსპორტირება.
28–29 ივლისს უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილზე ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.
სტიქიის ზონაში დროებითი სამაშველო საბაგირო მაგისტრალი სამ მონაკვეთზე მოეწყო: ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთი. აღნიშნული მაგისტრალები ეტაპობრივად, სავალი გზის აღდგენასთან ერთად მოიხსნა. ამჟამად, სამივე მიმართულებაზე გზა სრულად არის აღდგენილი და შესაბამისად, სამაშველო საბაგირო მაგისტრალები მოხსნილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა მოქალაქეების დასახმარებლად 63 გაფრენა განახორციელეს. სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 706 მოქალაქე, ხოლო იქ დარჩენილებისთვის შეტანილია 608 სასურსათო კალათა, 12 500 კილოგრამი პურის ფქვილი, 6310 ლიტრი საწვავი, 9485 ლარის ღირებულების მედიკამენტები.
ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში რჩება 50 მეხანძრე-მაშველი. ასევე, ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.