თბილისი, 6 აგვისტო ― Sputnik. თურქეთში, მეჩეთად გადაკეთებულ წმიდა სოფიას ტაძარში, მისთვის სტატუსის შეცვლიდან მოკლე ხანში მუეძინი ოსმან ასლანი გულის შეტევით გარდაიცვალა, იუწყება YeniSafak ქალაქის გუბერნატორის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 2 აგვისტოს მოხდა პირდაპირ მეჩეთში, როდესაც მუეძინი ექსკურსიას ატარებდა იქ, თუმცა აღნიშნულის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
„ვუსამძიმრებთ მუეძინ ოსმან ასლანის ოჯახსა და ნათესავებს, რომელიც გულის შეტევით გარდაიცვალა აია-სოფიას მეჩეთში ექსკურსიამძღოლის მოვალეობის ნებაყოფლობით შესრულების დროს“, — ციტირებს ადმინისტრაციის განცხადებას თურქული გამოცემა.
მუეძინი — რელიგიის მსახური ისლამში. მისი მოვალეობაა აზანის წაკითხვა და მორწმუნეთა მოხმობა სავალდებულო ნამაზზე. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, ეს თანამდებობა უმნიშვნელოდ მოჩანს, იგი დიდი პასუხისმგებლობის მატარებელია მუსლიმურ თემში.
მიმდინარე წლის 10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი ენიჭებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა მალევე მოაწერა ხელი ტაძრის მეჩეთად გადაკეთების ბრძანებულებას. პირველი მუსლიმური ღვთისმსახურება მეჩეთად ქცეულ ტაძარში 24 ივლისს ჩატარდა.
წმიდა სოფიას ტაძარი ქრისტიანმა იმპერატორმა იუსტინიანემ დააარსა. ის 537 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა. აია-სოფია დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში რჩებოდა ყველაზე დიდ ქრისტიანულ ტაძრად მსოფლიოში. ოსმანთა მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობისა და ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, 1453 წელს ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. 1934 წელს კი, თანამედროვე თურქული სახელმწიფოს დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის დეკრეტის თანახმად, ტაძარს მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. აია-სოფია შედის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.