თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. არაა საჭირო იმ ფაქტის დრამატიზება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ზოგიერთ საარჩევნო ოლქში შეიძლება მეტოქეები გახდნენ, განაცხადა ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარების სიაზე კომენტარისას.
ბოკერია და უგულავა მაჟორიტარი კანდიდატები: „ევროპულმა საქართველომ“ კანდიდატები დაასახელა>>
დღეს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 30–დან 16 მაჟორიტარობის კანდიდატი წარმოადგინა. ზუგდიდში დეპუტატობისთვის იბრძოლებს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, ხოლო ფოთი–ხობი–სენაკის საარჩევნო ოლქში – გიგა ბოკერია.
როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ევროპულმა საქართველომ“ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარმოადგინა.
მისი თქმით, როდესაც ახალი საარჩევნო სისტემით ადგილების 80% პარლამენტში პროპორციული არჩევნების შედეგებით განისაზღვრება, ბუნებრივია, რომ პოლიტიკური პარტიები, პირველ რიგში, კონკურენტები აიან.
„ოპოზიციას შორის უპრეცედენტო ისტორიული შეთანხმება მოხდა, როცა გამარჯვებას მივაღწიეთ და პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა იქნა მიღებული, თბილისის ექვს ოლქში შეთანხმებული კანდიდატია დაყენებული. არჩევნებში ამაზე მეტს ოპოზიციას ნუ მოვთხოვთ. ჩვენ ახლა კონკურენტები ვართ, შემდეგ, როცა პარლამენტში შემოვალთ და კოალიციურ ხელისუფლებას შევქმნით, პარტნიორები ვიქნებით“, – განაცხადა გოცირიძემ.
ყველაზე „უტყვი" და ყველაზე „ბობოქარი" დეპუტატი – ვინ რით გაითქვა სახელი>>
მისი თქმით, არჩევნები ყოველთვის კონკურენცია, მოლაპარაკებები, შეთქნხმებები და უთანხმოებებია.
გოცირიძე მიიჩნევს, რომ 30 ოლქიდან უმეტესობაში მეორე ტური გაიმართება. მისი თქმით, პარტია, რომელიც მეორე ტურში გავა, მთელი ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერას მიიღებს.
„დავეხმარებით ყველას, თუ მათ მეორე ტურში გასვლა შეძლეს ისევე, როგორც მთელი ოპოზიციური სპექტრი დაეხმარება „ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ტურში. სხვა სახის არჩევნებია, წარმოუდგენელია, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40 – 45%-ზე მეტი მოაგროვოს თავის სატელიტებთან ერთად“, – განაცხადა გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ შანსები არაპერსპექტიულად მიაჩნია პარლამენტის ვიცე–სპიკერს, „ქართული ოცნების“ ერთ–ერთ ლიდერს გია ვოლსკის.
„იმ ადამიანების პერსპექტივას ვერ ვხედავ, ვინც პირდაპირ კავშირშია იმ რეჟიმთან, რომელმაც საქართველოს ის შედეგი მოუტანა, რასაც ყველა ვუყურებთ. ეს არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების უშველებელი არმია, ოკუპირებული ტერიტორიები და უამრავი ოჯახი, რომლის კისერზეც გადაიარა არაადამიანური მმართველობის სისტემამ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, მათ დეპუტატმა „ინტელექტუალური პოტენციალის მქონე, სამშობლოს მოყვარული, თავის საქმეში მაღალი დონის ექსპერტები“ უწოდა.
„რაც არ უნდა იფახიფუხოს გიგი უგულავამ, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, მას ჯერ საზოგადოების ხმების მიღება მოუწევს. ტრაბახს თავი დაანებოს. სჯობს, თავისი ხედვები გაგვაცნოს, როგორ აპირებს, წარმოადგინოს ეს მეტად მნიშვნელოვანი რეგიონი საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
უგულავას ზუგდიდში არჩევნებზე მმართველი პარტიიდან პრემიერ–მინისტრის ვიცე–სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი დაუპირისპირდება.