თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. სვანეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს სვანეთისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარდა, თბილისსა და ზუგდიდშიც ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ილია ფილფანის ძებნა უკვე მე-16 დღეა გრძელდება. 13 წლის მოზარდი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს, დილით გავიდა. მას შემდეგ იგი არავის უნახავს. ბიჭის დაკარგვის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 19 ივლისს შევიდა. ბოლოს ილია სოფელ ლენჯერში ნახეს.
ილია ფილფანის ოჯახი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შეხვდა. მათი განცხადებით, პოლიცია ამოწმებს ყველა ვერსიას, მათთან ხორციელდება ზარებიც, მაგრამ ბავშვის პოვნა ვერ ხერხდება.
„არ ვიცით, როდემდე მაგრამ მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ თავიანთ სამუშაოს. ისინი ბავშვს ზუგდიდშიც ეძებენ. ძალიან ბევრი ზარი შემოდის. ურეკავენ პოლიციას, ისინი ბავშვებს, რომლებიც მართავენ ველოსიპედს ამსგავსებენ ჩემ შვილს. ყველა ამ ზარს პოლიცია ამოწმებს, ამოწმებს ასევე ვიდეო ჩანაწერებს, ფოტოებს. თუმცა არცერთ მათგანში ჩემი შვილი არ აღმოჩნდა," - განაცხადა ბავშვის დედამ, ქსენია ფილფანმა.
ილია ფილფანის მამის, დავით ფილფანის განცხადებით, ოჯახმა პოლიციისგან მიიღო დაპირება, რომ ყველაფერს გააკეთებენ რათა ბავშვი იპოვნონ.
ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა.