დავით მურაჩაშვილს ერთნაირი წარმატებით შეეძლო გამხდარიყო მუსიკოსიც და მხატვარიც, ბავშვობაში ხატვის დროს ყოველთვის მღეროდა. ტყუპ ძმასთან ერთად ნამღერი მისი ხალხური სიმღერა ოქროს ფონდშიც კი მოხვდა.
თუმცა წლების მერე საბოლოოდ მხატვრობა არჩია. ხატავს თითქმის ყველა მიმდინარეობაში და იმაზე სწრაფად ვიდრე ბევრისთვის ეს შესაძლებელია. 504 ნახატი -1,6 წელში, ასეთია მისი პირადი შემოქმედებითი რეკორდი. ამასთან ხატავს იმას, რაც ყველაზე ზოგადად რთულ დასახატავად ითვლება...
- ბატონო დავით, სანამ ხატვას დაიწყებდით, ჯერ კიდევ ბავშვობაში საკმაოდ კარგად აითვსეთ ქართული ხალხური მუსიკა, სად მღეროდით?
- ძალიან ადრეული ასაკიდან ვხატავდი და ვმღეროდი. აქვე გეტყვით, რომ ტყუპისცალი ვარ, ჩემი და ჩემი ძმის ყველაზე კარგი გართობა იყო, როცა თან ვმღეროდით და თან ვხატავდით, თუმცა არც ცელქობას ვიკლებდით. ძირითადად ვმღეროდით, უფრო ქართულ ხალხურ სიმღერებს. მაშინ გორში ვცხოვრობდით და სწორედ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა იქ ხალხური სიმღერის ვაჟთა კაპელა „ქართლი“, რომლის ყველაზე პატარა წევრები მე და ჩემი ძმა ვიყავით. უდიდესი ამაგი აქვს ჩვენზე და რომ იტყვიან, მომღერლებად გვაქცია ჩვენმა ხელმძღვანელმა, გიორგი საძაგლიშვილმა, რომლის ძალიან მადლობელი ვართ მეც და მთელი ჩემი ოჯახიც. მან შეგვასწავლა მე და ჩემს ძმას ისეთი ურთულესი სიმღერები როგორიც მანამდე (ალბათ არც მერე) ჩვენი ასაკის (8-9 წლის) ბავშვს არ შეუსრულებია. ესენი იყო: „შაშვი-კაკაბი, „ბერიკაცი ვარ“,“ ჩაკრულო“, „მეტივური“, „დიამბეგო“ და ბევრი სხვა. თბილისში მუსიკალურ სასწავლებელში ვსწავლობდი. მოკლედ, ხელოვნებასთან ჩემი პირველი სერიოზული შეხება მუსიკასთანაა დაკავშირებული.
- ძმებს იშვიათი პატივი გერგოთ, ალბათ მიხვდით რაზე გეკითხებით?
- თქვენ გულისხმობთ იმას, რომ ჩემი და ჩემი ძმის შესრულებით სიმღერა „ბერიკაცი ვარ“ შეტანილია მე-20 -ე საუკუნის ხალხური სიმღერის ოქროს ფონდში, რაც დღემდე გვახარებს და გვეამაყება.
- ამის მიუხედავად პროფესიად მაინც მხატვრობა არჩიეთ?
- სიმღერის პარალელურად სამხატვრო სკოლაში დავდიოდი და პირველი ნაბიჯებს მხატვრობაში იქ ვდგამდი. თბილისის სამხატვრო აკადემია ინტერიერის დიზაინის განხრით დავამთავრე. მაშინ არც მიფიქრია, რომ ფერწერაზე ჩამებარებინა, რატომღაც მეგონა დიზაინი უფრო ახლოს იყო ჩემთან, რადგან მამა დიზაინერი მყავს და ეს პროფესია ძალიან მომწონდა. საბოლოოდ მივხვდი, რომ მხოლოდ ხატვაა ჩემი მოწოდება. ჩარჩოები არ მიყვარს და ვთვლი, რომ თუ ხელოვანი ჩარჩოში ჩაჯდება, საკუთარ თავს დაკარგავს. მე ვფიქრობ, ზუსტად ვიპოვე საკუთარი თავი...
- ვიცი, რომ მოგზაურობა გიყვართ, ალბათ უფრო ხშირად ის ხდება ინსპირაცია თქვენთვის, ასეა?
- ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ბუნება, ახალი ადგილები, ცხოველები. თუმცა ჩემთვის ინსპირაცია მარტო მოგზაურობა კი არა, შეიძლება სველი ფოთლიდან ჩამოვარდნილი წვიმის წვეთი გახდეს, ან მოხუცი, რომელიც ქუჩაში ზის სევდიანი, ან ქუჩის მუსიკოსი. ბავშვობაში საბავშვო ბაღში, სადაც დავდიოდი, შესასვლელში დიდი ტილო ეკიდა ზამთრის პეიზაჟით, ყოველთვის მიხაროდა ამ სურათის დანახვა და ემოციით მავსებდა. ახლა, როცა მინდა უბრალოდ ჩემთვის ვხატო და სულიერი საზრდო მივიღო, ზამთრის პეიზაჟს ვხატავ ხოლმე…
-„სამყარო ხელისგულზე“-ასე გსურთ დაარქვათ თქვენს გამოფენას…
- დიახ, გამოფენას სექტემბრის თვეში ვგეგმავ. ეს ნამდვილად იქნება ჩემი სამყარო, რომელიც თავისთავად ძალიან დიდია და ამავე დროს ისეთი პატარაც, რომ ხელისგულზე მინდა დავტიო და ჩემი ხელოვნების მოყვარულებს და შემფასებლებს მივუძღვნა.
- თაყვანისმცემლებისგან რამდენად განებივრებული ხართ?
- ქედმაღლობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ არ მახსოვს, რომ ვინმეს ჩემი შემოქმედებისთვის თუნდაც, გაუგებარი ეწოდებინა, სხვა სახის კრიტიკაზე აღარაფერს ვამბობ. ზოგჯერ უხერხულობაშიც ვარ ხოლმე, როცა იმაზე მეტ საქებარ სიტყვას მეუბნებიან, ვიდრე ამას ვიმსახურებ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მე თქვენთვის ვხატავ ჩემო მეგობრებო და საყვარელო ადამიანებო, ამ ნახატებში გულწრფელი ვარ და მადლობას გეუბნებით ყველას, ვინც ჩემს ასეთ გულწრფელობას აფასებს. სხვათა შორის ყველაზე მეტი ნახატი პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის დროს გავყიდე.
- თქვენზე ამბობენ, რომ ხართ მხატვარი, რომელიც სინათლეს ხატავს, რას ნიშნავს ეს?
- საერთოდ ცნობილია, რომ მხატვრისთვის სინათლისა და წყლის დახატვა ყველაზე რთულია. ვერ გეტყვით, რამდენად რთულია, მე არ ვიცი… მე უბრალოდ ვიღებ ფუნჯს, ტილოს, ვრთავ მუსიკას და მერე ვერ გეტყვით რა ხდება: ფუნჯი თავისით „ხატავს“, მიმდინარეობასაც თავისით „არჩევს”, ფერებსაც თვითონ „უხამებს“, მე მხოლოდ ფუნჯი მიჭირავს ხელში...
- ყველა ნახატს მართალა ერთ საათში ასრულებთ?
-დიახ, ასეა, ნახატს ერთ საათში ვამთავრებ, მაქსიმუმ, ორში, ტილოს ზომას გააჩნია და იმას, რა მასალაზე ვმუშაობ. ზეთზე მუშაობას უფრო დიდი დრო მიაქვს, ვიდრე აკრილზე. არასოდეს ვტოვებ ნახატს დასამთავრებელს, თუ დავიწყე, ის ნახატი აუცილებლად დასრულდება, თანაც, მოკლე დროში. ჩემეული ხედვა მაქვს და ძალიან ბევრი მიმდინარეობა მაინტერესებს: კუბიზმი, აბსტრაქციონიზმი, ჰიპერრეალიზმი, იმპრესიონიზმი, გრაფიკაც მომისინჯავს, იმუშავია მინანქარზეც, რომლის რამდენიმე ნამუშევარი შემომრჩა მხოლოდ და მას დედაჩემი სათუთად ინახავს.
- სირთულეებსაც არ ერიდებით და ამ მხრივ რას გაიხსენებთ?
- წლების წინ მოვსინჯე ერთი ძალიან უცნობი და ტექნიკურად ურთულესი ჟანრი, რომელსაც მხოლოდ მამაჩემი აკეთებდა როცა დიზაინზე მუშაობდა. ესაა აპლიკაცია, სადაც მასალად გამოიყენება ფერადი ორგანული მინა, წებვადი ქაღალდი (ორაკალი) და საკანცელარიო დანა. ამ მასალებით შევქმენი მხატვრული კომპოზიციები, რომლებიც შენახული მაქვს. როცა გამოფენა მექნება, მათ აუცილებლად წარმოვადგენ, მაგრამ არასოდეს გავყიდი, რადგან ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
- ბოლო დროს თქვენ ცხოვრებაში ბედნიერი ამბავი მოხდა...
- დიახ, ორი კვირის წინ უბედნიერესი მოვლენა მოხდა ჩემს ცხოვრებაში-ტყუპი ვაჟი შემეძინა. მე კიდევ მყავს ერთი ვაჟი, რომელიც წელს სკოლაში წავა და მამიკოს ძალიან უყვარს. მეტი რა უნდა ვინატრო?- ვაკეთებ საყვარელ საქმეს, მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე. მაქვს ძალიან კარგი და მეგობრული ოჯახი, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, მაშინაც, როცა მიჭირდა და მაშინაც, როცა მილხინდა. მყავს მშობლები, და, ტყუპისცალი ძმა, რომელიც ჩემთვის ყველაფერია. რაც შეეხება ხელოვნებას, თუ ადამიანებს ჩემმა ნახატებმა ნაცრისფერი დღეები ცოტათი მაინც გაუფერადა, ჩავთვლი, რომ უბედნიერესი ადამიანი ვარ...