რუსეთის მოქალაქეების დაკავება ბელარუსში: პესკოვმა კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა კომენტარი გააკეთა გუშინ ბელარუსში რუსეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. მოსკოვს ამ მომენტისთვის არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია ბელარუსში დაკავებული რუსეთის მოქალაქეების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე ან „ვითარების დესტაბილიზაციის“ გეგმებზე, განაცხადა პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
ლუკაშენკო: არ მინდა ჯარის გამოყენება წესრიგის დასამყარებლად, მაგრამ ყველაფერი ხდება

მანამდე ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტამ“, სამართალდამცველ ორგანოებში არსებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინსკთან ახლოს „უცხოური კერძო კომპანია „ვაგნერის“ 32 ბოევიკი“ დააკავეს, ხოლო კიდევ ერთი — ქვეყნის სამხრეთში. სააგენტოს მტკიცებით, ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა. ამასთან გავრცელდა ცნობა, რომ მანამდე სამართალდამცველებს მიღებული ჰქონდათ ინფორმაცია ბელარუსში „ორასზე მეტი ბოევიკის ჩასვლის შესახებ ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით საარჩევნო კამპანიის პერიოდში“. მოგვიანებით რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურად მიიღო შეტყობინება რუსეთის 32 მოქალაქის დაკავების შესახებ.

„ამ დროისათვის არასრული ინფორმაცია გვაქვს მომხდარის თაობაზე. ჯერჯერობით ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ შემდეგი: ვიცით, რომ გუშინ ბელარუსში რუსეთის 33 მოქალაქე დააკავეს, კიდევ 200 ძებნაშია. არ არსებობს არანაირი ინფორმაცია რუსების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, რომლებიც შეიძლებოდა დაკავების მიზეზი გამხდარიყო. ამის შესახებ ჩვენთვის არაფერია ცნობილი“, — უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ყველანაირი საუბარი რუსეთის კავშირზე ბელარუსში მიმდინარე პროტესტებთან მხოლოდ ინსინუაციებია.

დმიტრი პესკოვმა ასევე უარყო გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაკავებულებს შორის უკრაინის მოქალაქეებიც არიან. მისი თქმით, ყველა დაკავებული რუსეთის მოქალაქეა.

პრეზიდენტის პრეს-მდივანი იმედოვნებს, რომ ბელარუსში დაკავებული რუსეთის მოქალაქეების უფლებები სრულად იქნება დაცული.

რაც შეეხება ვლადიმირ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს, პესკოვის განმარტებით, მათ შორის საგანგებო სატელეფონო საუბარი ჯერჯერობით არ იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0