თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბ თბილისის „დინამოს" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ირაკლი ღლონტს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.
ლერი სულაბერიძის ავტომობილს წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი 28 ივლისს გაუხსნეს. გამოძიების ინფორმაციით, სულაბერიძის ავტომობილის მიმართულებით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბრალდებულმა ირაკლი ღლონტმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. ღლონტი მომხდარიდან მეორე დღეს, 29 ივლისს დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების დროს სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით საბრძოლო მასალა ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე და 236-ე მუხლებით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 7–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წარსულში სულაბერიძე კლუბ „დინამოს“ თანამფლობელი იყო. კლუბის წილებთან დაკავშირებით თითქმის ხუთი წელია სასამართლო დავა მიმდინარეობს. მასმედია არ გამორიცხავს, რომ თავდასხმა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.
ეს ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის პირველი ფაქტი არ არის, 1999 წლის 6 მაისს სულაბერიძეს „დინამოს" სტადიონთან ასევე საკუთარ ავტომობილში მყოფს ესროლეს.