თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. 31 ივლისიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება და ეროვნული ლიგის მერვე ტურიდან მაყურებელი სტადიონზე დაიშვება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის დასაწყისში, ორი ტურის ჩატარების შემდეგ შეჩერდა. ეროვნული ლიგის მატჩები ივნისის ბოლოს განახლდა, თუმცა ყველა მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე იმართება.
საქართველოს მთავრობას, სპორტულ ღონისძიებებზე სტადიონზე მაყურებლის დაშვების ინიციატივით, სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიმართა და აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 21 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 30 ივლისს შესაბამისი პროტოკოლი დაამტკიცა, რომლის მიხედვით მოხდება გულშემატკივრის სტადიონზე შესვლა.
პროტკოლის მიხედვით, სტადიონზე წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმართა განთავსების ადგილები, ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ იყოს ორი თავისუფალი ადგილი, ისე, რომ ღონისძიებაზე დამსწრე პირთა მიერ დაკავებული ადგილების რაოდენობა არ აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 33%-ს.
გარდა ამისა, აუცილებელია თერმოსკრინინგის ჩატარება და სტადიონის ტერიტორიის სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა.