რა კავშირია С ჰეპატიტსა და კორონავირუსს შორის? ეპიდემიოლოგის განმარტება

© press-service of Infectious Diseases and AIDS Centerთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, С ჰეპატიტით დაავადებული პაციენტები კორონავირუსით ინფიცირების მომატებული რისკის ქვეშ არ იმყოფებიან.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. კორონავირუსის ინფექციის პიკურ პერიოდში საქართველოში С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პირების რაოდენობა ორჯერ შემცირდა, განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. 

С ჰეპატიტი - Sputnik საქართველო
მომავალი С ჰეპატიტის გარეშე! საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 70% გამოკვლეულია

ამ პერიოდში პროგრამაში მხოლოდ 1,2 ათასი ადამიანი ჩაერთო, მაშინ, როდესაც პანდემიამდე ერთ თვეში რამდენიმე ათასი ბენეფიციარი ერთვებოდა.

„ჩვენ დავითვალეთ და მარტი-აპრილის განმავლობაში, როცა საქართველოში კორონავირუსის პიკი იყო, სულ ჩაერთო 1,2 ათასი ადამიანი. ანუ С ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული ადამიანების რაოდენობა ორჯერ შემცირდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძემ აღნიშნა, რომ С ჰეპატიტით დაავადებული პაციენტები კორონავირუსით ინფიცირების მომატებული რისკის ქვეშ არ იმყოფებიან. ამ პირებს შედარებით სუსტი იმუნური სისტემა კი აქვთ, თუმცა არა იმდენად, რომ ეს ავადობაზე აისახოს.

„დაავადების რისკი დაახლოებით თანაბარია ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებში და არაჰეპატიტით პაციენტებში... რაც შეეხება სიკვდილიანობის, ლეტალობის რისკს, თუ საქმე გვაქვს შედარებით მსუბუქ ჰეპატიტთან და არ არის ღვიძლის სერიოზული დაზიანება, ღვიძლის ციროზის და, მით უმეტეს, დეკომპენსირებული ციროზის სახით, მაშინ, ჩვენი პრაქტიკით, გაურთულებელი ჰეპატიტის შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი არანაირად არ გაზრდილა ჩვენთან“, – განაცხადა ცერცვაძემ და დასძინა, რომ ჰეპატიტსა და კორონავირუსს შორის რაიმე სახის სპეციფიკური კავშირი დადგენილი არ არის.

ამასთან, ცერცვაძემ ივარაუდა, რომ კორონავირუსის პანდემია მომავალ ზაფხულამდე გაგრძელდება.

„პანდემიის ვადები არავინ იცის. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ყოველივე დასრულდება მაშინ, როცა გაჩნდება ვაქცინა ან ეფექტური მედიკამენტი, სავარაუდოდ, წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში. თუ ვერ მოხერხდება ვაქცინის ან ეფექტური მედიკამენტის შექნა, მაშინ – არავინ იცის. თუმცა, ჩემი ვარაუდით, ეს გაგრძელდება კიდევ ერთი წელი, დაახლოებით მომავალ ზაფხულამდე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება, თუმცა გაცილებით სუსტი.

ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში С ჰეპატიტზე სკრინინგი დაახლოებით 2,3 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა, ანუ გამოკვლეულია ზრდასრული მოსახლეობის 70%. 

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
იმნაძე: დაახლოებით 16 ათასმა ადამიანმა უარი განაცხადა С ჰეპატიტის მკურნალობაზე

საქართველოში С ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეთანხმება გაფორმდა ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან, რომელიც ქვეყანას ძვირადღირებული მედიკამენტებით ამარაგებს. პროგრამის ბენეფიციარების მკურნალობა პრეპარატ „სოვალდით“ მიმდინარეობს.

С ჰეპატიტის პროგრამაში 70 ათასი პაციენტია ჩართული, მათგან 65 ათასმა მკურნალობის კურსი დაასრულა. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.

დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც С ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოდ მიმდინარეობს. С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული ანალოგი მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა.
2015 წელს კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელია, ამიტომაც ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

ამ დროისთვის საქართველოს „კოვიდ–ცენტრებში“ 240 პაციენტი მკურნალობს. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1145-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 927 პაციენტი. გარდაიცვალა 16 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0