თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოში დაახლოებით 16 ათასმა ადამიანმა უარი განაცხადა С ჰეპატიტის მკურნალობაზე და მედიკამენტები, რომელთაც ვარგისიანობის ვადა გაუვიდა, სწორედ მათთვის იყო განკუთვნილი, განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე.
პარასკევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ С ჰეპატიტის მკურნალობისთვის განკუთვნილ მედიკამენტებს, რომელთა ღირებულებაც 560,6 მლნ ლარს აღემატება, ვადა გაუვიდა და ისინი ჩამოწერეს.
„საუბარია მედიკამენტის 2 ათას დოზაზე. და ეს მაშინ, როდესაც დღესაც 16 ათასი ადამიანია, რომლებსაც დაუდგინდათ С ჰეპატიტი და უარს აცხადებენ მკურნალობაზე მიუხედავად იმისა, რომ მათ რამდენჯერმე დაუკავშირდნენ და სთხოვეს პროგრამაში ჩართვა. ამასთან, ზაფხულიდან პროგრამაში ჩართვა აბსოლუტურად უფასოა. ეს წამლები ამ ადამიანებისთვის იყო. ეს ადამიანები არ მივიდნენ. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ეს ადამიანები რომ მისულიყვნენ და წამლები რომ არ ყოფილიყო... მათ ეს მკურნალობა ეკუთვნით, მაგრამ ძალით ჩვენ ვერ ვაიძულებთ მკურნალობას“, – განაცხადა იმნაძემ.
ადრე ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს მკურნალობაზე, იყო თანხის გარკვეული ოდენობა, რომელიც საჭირო იყო გამოკვლევის ჩასატარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს მომსახურებაც უკვე უფასოა, ეს ადამიანები მაინც უარს აცხადებენ პროგრამაში ჩართვაზე.
იმნაძის განცხადებით, С ჰეპატიტი „ნაზი მკვლელია“, რომელმაც შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ შეაწუხოს, მაგრამ როდესაც სიმპტომები გამოვლინდება, შეიძლება დაგვიანებული იყოს.
„ქართველი კაცის ფსიქოლოგია ხომ იცით – სანამ რამე არ შეაწუხებს, ექიმთან არ მიდის“, – აღნიშნა იმნაძემ და დასძინა, რომ ეს ადამიანები, როგორც ვირუსის გამავრცელებლები, საშიში არიან.
იმნაძის სიტყვებით, პროგრამის გაგრძელების თვალსაზრისით პრობლემები არ იქნება. ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-ს, რომელიც საქართველოს აღნიშნული მედიკამენტებით ამარაგებს, არანაირი პრობლემა არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ წამლებს ვადა გაუვიდა.
„არ მესმის, სხვისთვის რატომ არის ეს პრობლემა“, – განაცხადა იმნაძემ.
ოპოზიცია ძვირადღირებული მედიკამენტების ჩამოწერასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ჯანდაცვის ყოფილ და ამჟამინდელ მინისტრებს – დავით სერგეენკოსა და ეკატერინე ტიკარაძეს აკისრებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას აღნიშნული ფაქტის გამოძიება და იმის დადგენა მოსთხოვეს, აღნიშნული მედიკამენტები რეალურად ვადაგასული იყო თუ ისინი „შავ ბაზარზე“ გაყიდეს.
С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა საქართველოში 2015 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა.
საქართველოში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში С ჰეპატიტზე გამოკვლევა მოსახლეობის 60%-ს აქვს ჩატარებული, 65 ათასი ადამიანი მკურნალობას გადიოდა და გადის, აქედან 58 ათასი განიკურნა და მკურნალობა დაასრულა, დარჩენილთაგან 98,7% კი გამოჯანმრთელების სტადიაშია.
საქართველო დღეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც C ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოა. C ჰეპატიტის ელიმინაციის ქართული პროგრამის ანალოგი არსად არ ყოფილა მსოფლიოში.
პროგრამა შეიძლება 2020 წლისთვის დასრულდეს, ამიტომ სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება დროულად ისარგებლონ უფასო მკურნალობით.
2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.