თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის რეგიონში შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები გაგზავნა. რეგიონი კოკისპირულმა წვიმებმა დააზარალა.
რაჭაში 12 სოფელი დანარჩენ სამყაროს მოსწყდა. ონის რაიონში მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა, წაიღო ხიდები, დააზიანა სოფლის ნათესები, გზები, ცენტრალური ავტომაგისტრალი სამ ადგილზე ჩაიშალა. მოსახლეობის ნაწილი არ იღებს ელექტროენერგიას – ნაპირებიდან გადმოსულმა რიონმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის სამი საყრდენი წაიღო.
ელექტროენერგიას შეზღუდულად იღებენ უწერის, შოვის, ღების, გლოლისა და კიდევ რამდენიმე სოფლის მოსახლეობა. მდინარემ გზაც დააზიანა და ამის გამო Energo-Pro-Georgia-ს წარმომადგენლები დანიშნულების ადგილზე მისვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
რეგიონში გაემგზავრნენ პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი. მათთან ერთად იმყოფება პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე. ისინი ადგილზე ეცნობიან არსებულ მდგომარეობას, მიყენებულ ზარალს და ამის შემდეგ განსაზღვრავენ, რა სახის დახმარება სჭირდება რეგიონს.
რამდენიმე ადგილზე ჩარჩნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, შესაბამისი სამსახურები კი მათ გამოყვანაზე უკვე მუშაობენ.
ორი ოჯახი, რომელთა სახლები უშუალოდ მდინარესთან ახლოსაა, უკვე ევაკუირებულია.