თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. კოკისპირულმა წვიმებმა დასავლეთ საქართველოში მდინარეების ადიდება და წყალდიდობები გამოიწვია.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ იუწყება, უამინდობის შედეგად ონის რაიონის რამდენიმე სოფელი დაზარალდა.
კოკისპირული წვიმის შედეგად კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარეებმა დააზიანა გზები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები. ძირითადად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დაზარალდა რამდენიმე ოჯახი.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ჩიკვაიძის თქმით, უამინდობის შედეგად რაიონს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. სერიოზულად დაზარალდა ზემო რაჭის გზა, პრაქტიკულად ჩაიკეტა უწერასა და სორის სოფლებთან მისასვლელი გზები.
„ზარალი სამაოდ დიდია. იგი ძირითადად მოიცავს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, სახლების ნაწილს, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. რამდენიმე ადგილობრივისგან ვიცით, რომ კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ სახლების პირველი სართულები დატბორა, მაგრამ იმის გამო, რომ ჯერჯერობით ფიზიკურად ვერ ვახერხებთ იმ ადგილებამდე მისვლას, კონკრეტულად არ ვიცით რა ხდება. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ჩიკვაიძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ორი ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც უშუალოდ მდინარესთან ახლოს მდებარეობს, უსაფრთხო ადგილზე არის გადაყვანილი.
უამინდობამ პრობლემები შეუქმნა ქუთაისის მოსახლეობასაც – წყალდიდობის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის პროცესი.