თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. სპეციალური რეისით, რომელიც ათენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 28 ივლისს განხორციელდა, სამშობლოში 180 თანამემამულე დაბრუნდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახური.
სპეცრეისი უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა შეასრულა.
ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენის შემდეგ ყველა მგზავრმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც ისინი სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, სადაც 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 105 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. დღეისათვის საკარანტინო სივრცეებში 6,5 ათასზე მეტი ადამიანია განთავსებული.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა.
პანდემიის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, სპეცრეისებით თანამემამულეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება უზრუნველყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიის დროს სახელმწიფო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარა 23 ათასზე მეტ თანამოქალაქეს, 22,5 ათასზე მეტს კი პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.