თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. სამართალდამცავებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და მისი თანამშრომელი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
არსებული ინფორმაციით, თემურ ღვინჯილია მაშინ დააკავეს, როდესაც Toyota Prado-ს მარკის სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მის მანქანაში სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს.
„ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი თემურ ღვინჯილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2014 წლიდან იკავებს, მანამდე იმავე მუნიციპალიტეტში საგზაო სამმართველოს წარმოების უფროსი იყო.