2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი დასრულდა

© Sputnik / Natia Kvartskhavaსაგამოცდო ცენტრი. ეროვნული გამოცდების პერიოდი
საგამოცდო ცენტრი. ეროვნული გამოცდების პერიოდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდა. სამაგისტრო გამოცდები – 1-4 აგვისტოს,  გამოცდები მასწავლებლებისთვის კი 22-30 ივლისს ჩატარდება

თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 94%-მა მიიღო მონაწილეობა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი – გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი გამოცხადდა, განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.

აბიტურიენტების მშობლები - Sputnik საქართველო
უცხო ენის გამოცდაზე აბიტურიენტებს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 25 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა. ასევე, დღეს ჩატარდა   სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. განათლების სამინისტროს შეფასებით, გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა.

სოფო გორგოძის განცხადებით, ორი ძირითადი მიზანი, რომელიც ეროვნული გამოცდების პროცესში იყო დასახული, მიღწეულია.

„ერთი მიზანი გახლდათ, რომ პანდემიის პირობებში შეგვექმნა აბიტურიენტებისთვის ისეთი გარემო, მათ მაქსიმალურად შეძლებოდათ გამოევლინათ თავიანთი ცოდნა და უნარები, მეორე – მასშტაბური ღონისძიების დროს თავიდან აგვეცილებინა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე. ვფიქრობ, სხვადასხვა უწყების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ორივე მიზანი მიღწეულია“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, იყო გარკვეული პრობლემებიც, მაგრამ როგორც ინფიცირებულმა, ასევე კარანტინში გადასულმა აბიტურიენტებმა შეძლეს გამოცდების ჩაბარება და პროცესს არ გამოთიშულან.

გორგოძის განცხადებით, გამოცდებზე იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები, ასევე დაფიქსირდა ეროვნული გამოცდებიდან აბიტურიენტების მოხსნის სამი ფაქტი - გამოცდაზე მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის გამო.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა, მაგრამ საგამოცდო პროცესი 4 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

„მასწავლებლობის მსურველებისთვის გრძელდება ეს პროცესი, ასევე მაგისტრობის მსურველები, რომლებიც 1 და 4 აგვისტოს ჩათვლით გაივლიან ტესტირებას“, – განაცხადა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.

გაკვეთილი კლასში - Sputnik საქართველო
დაიწყო გამოცდები მომავალი მასწავლებლებისთვის

ამ ეტაპზე  ნაშრომების გასწორების პროცესი მიმდინარეობს. შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება. გამოსაცდელები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ გამოქვეყნებისთანავე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

2020 წლის საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით 6 ივლისს დაიწყო. საგამოცდო ცენტრები გაიხსნა ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

2020 წლის გამოცდებისათვის  39 300-ზე მეტი აბიტურიენტი,  3 600-ზე მეტი სტუდენტი, 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი,  12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა.

ყველა ახალი ამბავი
0