თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სოფელი ყარაჯალარი, სადაც 4 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, თბილისიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს. შესაბამისი ზომები მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იქნა მიღებული.
სოფლის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაიხსნა. სამართალდამცველების მიერ კონტროლდება სოფელთან მისასვლელი მეორეხარისხოვანი გზებიც. პროცესში გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ. გარდა ამისა, ისინი ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან.
„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისათვის გარდაბნის რაიონში ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ. ვითარებას პოლიცია აკონტროლებს.
მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრმა ზრდამ არა მარტო ხელისუფლების, არამედ მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია.
ქვემო ქართლის რეგიონს, კონკრეტულად კი გარდაბნის რაიონის სამ სოფელს უკვე მეორედ ეწოდა „ცხელი წერტილი“.
საქართველოს მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდის stopcov.ge მონაცემებით, ამ დროისათვის საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1104-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულია 912 ადამიანი, გარდაცვლილია – 16, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5936, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 268 პაციენტია.