თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე "ნუ მომკლავ!" დაკავებული სამი პირი ხელწერილით გაათავისუფლეს.
როგორც „პირველი არხი“ იუწყება, სამი აქტივისტი ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და ოთო შენგელია პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს.
შსს-ს შენობასთან აქციაზე ოთხშაბათს ორგანიზაციების „სირცხვილია" და „შეცვალე" წარმომადგენელი რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. მათ ჯერ „მდუმარე პიკეტი" მოაწყვეს ორთაჭალაში შსს-ს შენობის წინ ხელში პლაკატებით „ნუ მოკლავ, გამოიძიე დანაშაული", „დაიცავი სიცოცხლე", „ნუ მომკლავ".
აქციის მონაწილეები სამართლიან მართლმსაჯულებას მოითხოვდნენ ბოლო დროს სამი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე – სკოლის მოსწავლე ლუკა სირაძის თვითმკვლელობა, 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაღუპვა და 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ისტორია.
აქცია თავდაპირველად მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა გადაწყვიტეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.