თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, სადაც რამდენიმე ახალგაზრდული მოძრაობა აქციას მართავს, დაპირისპირება მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და „დემოკრატიული მომავლისათვის“ წარმომადგენლები მართავენ. ისინი თამარ ბაჩალიაშვილის, ლუკა სირაძისა და გიორგი შაქარაშვილის საქმეების ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტი ზვიად კუპრავა.
ამ დროისთვის გზა ნაწილობრივ გახსნილია, თუმცა აქციის მონაწილეები ისევ ცდილობენ გზის სავალი ნაწილის დაკავებას.
დემონსტრანტები გარდაცვლილების ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებენ. მათი თქმით, შსს-ს შენობასთან გარდაცვლილთა ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბნენ.