თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს არასწორი პარკირებისთვის 2018 წლის 10 აპრილამდე გამოწერილ ჯარიმებს ჩამოაწერენ, შესაბამისი კანონი ძალაში სამშაბათს შევიდა.
„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის თანახმად, პირი თავისუფლდება არა მარტო ჯარიმის გადახდისგან, არამედ დარიცხული საურავისგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისგანაც.
საუბარია კომპანია C.T. Park-ის დავალიანებაზე.
თბილისის მერიამ 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანია C.T. Park-თან კონტრაქტი გააუქმა, რომელიც ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიურ უფლებას 2007 წლიდან ფლობდა. 2020 წლის თებერვალში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ C.T. Park-ს 4,3 მლნ დოლარი გადაუხადა და მისი მატერიალური აქტივები და ასევე მოსახლეობის მიერ გადაუხდელი ჯარიმები გადმოიბარა. შესაბამისად, მერიასა და კომპანიას შორის დავა შეწყდა.