თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. თბილისის მერიამ ახალი ვებ-პორტალი - www.findouttbilisi.com შექმნა, რომელიც ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული.
ვებ-პორტალის პრეზენტაცია დედაქალაქის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ გამართა.
„ახალი ვებ-გვერდი გაყიდვების ალტერნატიული პორტალია, რომელიც არსებულ ვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორის – ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. მცირე და საშუალო ტურისტული კომპანიები ჩვენგან მხარდაჭერას საჭიროებენ. აღნიშნული პორტალის მეშვეობით ისინი პირველ ეტაპზე საკუთარი სერვისების გაყიდვას შიდა, ხოლო შემდეგ საერთაშორისო ტურისტებზე შეძლებენ", – განაცხადა ბასილაიამ.
მისი თქმით, აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს პარტნიორ ქალაქებთან. თბილისი გაწევრიანებულია EUROPEAN CITIES MARKETING-ის (ECM) ასოციაციაში. საერთაშორისო ქსელებში სერვისების კატალოგის გავრცელება სწორედ პარტნიორი ქალაქების მეშვეობით მოხდება, რაც ქვეყნის პოპულარობის გაზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
www.findouttbilisi.com – წარმოადგენს ონლაინ-პლატფორმას, რომელშიც შედიან თბილისში დარეგისტრირებული ტურისტული გიდები, საკვები ობიექტები, ღვინის ბარები, კონცეპტუალური მაღაზიები და ა.შ. მათ შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე ინფორმაცია უფასოდ განათავსონ.
„პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკურ აქტიურობას, შემოსავლებისა და ცნობადობის ზრდას, ასევე შიდა ტურიზმის გააქტიურებას. საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის მიზნით პლატფორმაზე თბილისიდან გამყვანი ტურების/შეთავაზებების განთავსებაც არის შესაძლებელი", – აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში.
ვებ-გვერდის დახმარებით შეიქმნება კერძო კომპანიების კატალოგი, რომლითაც საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები და ასოციაციები ისარგებლებენ. ადგილობრივ კომპანიებს კი საშუალება ექნებათ უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ.
საქართველომ ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები უპირობოდ გახსნა. ხუთი ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეუძლიათ. ევროკავშირის რიგი ქვეყნებისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. ამასთან, ქართველი ეპიდემიოლოგები საზოგადოებას აფრთხილებენ, თუ რა რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული საზღვრების გახსნა და ამიტომაც მთავრობას მოუწოდებენ, აღნიშნულ საკითხს სიფრთხილით მოეკიდონ.
ტურიზმი კორნავირუსის პანდემიის გამო ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროა საქართველოში, რადგან ხელისუფლებამ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მარტში ყველა საზღვარი დაკეტა. ამ ეტაპზე მთავრობა, ძირითადად, შიდა ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული.