თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. თბილისში წლის ბოლოსთვის ყველა „ყვითელი ავტობუსი" თანამედროვე Euro-6 სტანდარტის ავტობუსებით შეიცვლება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პროექტის „მდგრადი მობილობა თბილისისთვის" პრეზენტაციაზე.
მერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსების ქსელი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. მერია მუდმივად აწარმოებს ავტობუსების პარკის განახლებას და ეს პროცესი წლის ბოლოსთვის დასრულდება.
კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია „საცობებისა“ და ჰაერის დაბინძურების შემცირება.
„ეს შესაძლებელია მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებით, თუმცა მხოლოდ ეს კომპონენტი ვერ მოაგვარებს არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას", – განაცხადა კალაძემ.
ამჟამად თბილისში ყოველდღიურად 600-650 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. მათგან 183 ახალი, MAN-ის მარკის ავტობუსია, რომელიც ეკოლოგიურად გაცილებით სუფთაა და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე.
დღის განმავლობაში თბილისის ავტობუსები საშუალოდ 110 ათას კილომეტრს გადიან და 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე ჩერდებიან.