ფრთხილად! ინფიცირებულთა რაოდენობა უფრო მეტი გახდა, ვიდრე გამოჯანმრთელებულების

გამოწერა
საქართველოს ინტენსიური კონტაქტები აქვს იმ ქვეყნებთან, სადაც კორონავირუსის ვაქცინა ბოლო ცდებს გადის, რათა როცა ვაქცინა დამტკიცდება, საქართველოც იყოს რეციპიენტთა რიგებში.

თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო ათ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა გამოჯანმრთელებულების რაოდენობას ჭარბობს, რაც საყურადღებოა, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ბოლო კვირაში კორონავირუსისგან განიკურნა 46 ადამიანი, ხოლო დაინფიცირდა – 63.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები – ცნობილია თუ არა ინფიცირების წყაროები>>

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებდა ინფიცირებულთა რაოდენობას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი მოხდა რევერსი და ახლა ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გარდაბანში ეპიდემიური ვითარება უარესდება – რაიონში გაფართოებული ტესტირებისთვის ემზადებიან - Sputnik საქართველო
გარდაბანში ეპიდემიური ვითარება უარესდება – რაიონში გაფართოებული ტესტირებისთვის ემზადებიან

მან განმარტა, რომ ბოლო კვირაში ინფიცირებულთა დიდი ჯგუფი – 24 შემთხვევა გარდაბნის რაიონში დაფიქსირდა. 24-დან ექვსი შემთხვევა უშუალოდ გარდაბანში აღინიშნა, ოთხი სოფელ ყარათაკლიაში და 14 – ყარაჯალაში. მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ყარაჯალა ყველაზე დიდი სოფელია. მოსახლეობა დაახლოებით 4 ათასი ადამიანია, ხოლო სამ სოფელში მთლიანად – დაახლოებით 7 ათასი. ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების 2% სწორედ გარდაბნის რაიონზე მოდის.

ამ რაიონში ეპიდემიოლოგებმა ტესტირება უკვე ჩაუტარეს 1077 ადამიანს, აქედან დადებითი შედეგი აჩვენა 24-მა, 94 ადამიანი კარანტინში მოათავსეს.

ამასთან, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გარდაბნის რაიონის სოფლების დაკეტვის გადაწყვეტილება არ მიიღო. ამ ეტაპზე იქ მასობრივი თერმოსკრინინგი და ტესტირება ჩატარდება.

მაქსიმუმ 100 კაცი - საქართველოში ნებადართულია ღონისძიებების გამართვა ღია სივრცეში>>

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არანაირი საფუძველი იმისა, რომ ჩავთვალოთ, გლობალური ეპიდემია სუსტდება, არ არსებობს. პირიქით, ბოლო ორ კვირაში შემთხვევების რაოდენობა მატულობს. ერთადერთი პოზიტიურია ის, რომ ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე ეს ეპიდემიის დასაწყისში იყო.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ადამიანებს გაუჩნდათ ილუზია იმისა, რომ კორონავირუსი დამთავრდა, მაგრამ ვირუსის დამარცხებამდე საკმაოდ შორია.

„პირბადეებს აღარ იკეთებენ შესაბამის დაწესებულებებში, ისევ და ისევ ხორციელდება დიდი შეკრებები და არის ილუზია, რომ ქვეყანამ დაამარცხა კორონავირუსი, არა, ბატონებო, „კოვიდის“ დამარცხებამდე შორია. ერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს. ეს უნდა გაკეთდეს გლობალურად. ჩვენ ირგვლივ კი ეპიდსიტუაცია უარესდება. საქართველო ამ ეტაპამდე არის უკეთეს მდგომარეობაში და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ ეს უკეთესი სიტუაცია შევინარჩუნოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინას, ამ საკითხზე საქართველო მოლაპარაკებებს ორ კომპანიასთან აწარმოებს. გამყრელიძის თქმით, პერსპექტიულად მიიჩნევა ვაქცინა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფმა შექმნა.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
მინისტრის განმარტება: როდის ჩაერთვება საქართველო „სოლიდარობის“ ცდებში

„საქმის კურსში ვართ როგორც ამ ვაქცინის, ისე რამდენიმე პერსპექტიული ვაქცინის შესახებ. ერთ-ერთ პერსპექტიულად ითვლება სწორედ ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომლებიც მუშაობენ ერთ-ერთ გიგანტურ ფარმაცევტულ კომპანია „ასტრაზენეკასთან“ (AstraZeneca) ერთად“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამ ვაქცინამ უკვე გაიარა მესამე ფაზის კვლევების ერთ-ერთი ეტაპი. წინ კიდევ კვლევის დიდი ნაწილია უფრო დიდ ჯგუფზე, კვლევა დაახლოებით 10-15 ათას ადამიანზე ჩატარდება. უკვე დადგენილია მისი საკმაოდ კარგი იმუნური პასუხის გამოწვევის უნარი. თუ დადგინდა ვაქცინის უსაფრთხოება, მაშინ შეიძლება ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომი გახდეს, განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველო ასევე მუშაობს კომპანია GAVI Alliance-თან, რომელიც დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა, ესაა ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელიც ბილ გეიტსის ფონდიდან ფინანსდება.

კორონავირუსით ინფიცირებული უჯრედი მიკროსკოპის ქვეშ - Sputnik საქართველო
ევროკავშირის კვლევა: საქართველოში იციან COVID-19-ის სიმპტომების შესახებ, მაგრამ...

„ჩვენ დიდი ხანია „გავისთან“ გვაქვს კონტაქტები, რადგან „გავის“ საშუალებით მრავალი ახალი ვაქცინა დავნერგეთ ქვეყანაში. მიმდინარეობს მუშაობა პირდაპირ „ასტრაზენეკასთან“ და ასევე „გავის ალიანსთან“, რათა როდესაც ესა თუ ის ვაქცინა დამტკიცდება, ბაზარზე უკვე დაშვებული იქნება, საქართველოც იყოს რეციპიენტთა რიგებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 1 049.

ბოლო 24 საათში საავადმყოფოებიდან გაეწერა სამი პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ 903 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 16 ადამიანი.

კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5692, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 275 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0